ვახტანგ ლაშქარაძე - ახალი, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული საბაჟო კოდექსი სექტემბრიდან ამოქმედდება
პირველი სექტმბრიდან ქვეყანაში ევროკავშირის საბაჟო კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო კოდექსი ამოქმედდება, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.
გადაცემაში ახალი საბაჟო კოდექსი და სგადასახდო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.
ლაშქარაძის განმარტებით, როგორც საბაჟო, ისე საგადასახადო კანონმდებლობის განახლება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაეკისრა. შესაბამისად, დაგეგმილი ცვლილებები ქართულ საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას ისახავს მიზნად, რაც ბიზნესს ოპერირებას გაუმარტივებს.
„საბაჟო კოდექსი პირველი სექტემბრიდან შედის ძალაში და ორივე ცვლილება – საბაჟო კოდექსიც და საგადასახდო კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებებიც, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. პირველი მნიშვნელოვანი, რაც უკვე პარლამენტმა საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით მიიღო არის ის, რომ საბაჟო კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დააახლოვა. საბაჟო პროცედურები დაახლოებით ისეთი უნდა იყოს, როგორც ევროკავშირში. ეს დაახლოება, ჩემი აზრით, ბიზნესს საბაჟოსთან ურთიერთობას ძალიან უმარტივებს“, – განაცხადა ლაშქარაძემ.
შემოსავლების სამსახურის უფროსი მიიჩმევს, რომ ახალი საბაჟო კანონმდებლობა ბიზნესს საბაჟო პროცედურებს საქართველოსა და ევროკავშირში ერთნაირად გაუმარტივებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ახალი ე.წ. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ინსტიტუტის შემოტანა, რომელიც ბიზნესს მნიშვნელოვან შეღავათებს მოუტანს.
„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ შემოდის ახალი ინსტიტუტის ცნება – ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი. ეს ნიშნავს, რომ ის კომპანიები, რომლებიც გარკვეულ პირობებს დააკმაყოფილებენ, გაცილებით მარტივ პროცედურებს მიიღებენ. ამ პირობებს ფინანსთა მინისტრი ქვენორმატიული აქტებით დაადგენს, რომლებიც უკვე დასრულების პროცესშია. შემდგომში ამ საკითხს ბიზნესთან გამოვიტანთ და განვიხილავთ. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამის შედეგ ევროკავშირის ქვეყნებს დავუკავშირდებით, ეს უკვე რეგულაციაში დევს და ასეთი ტიპის ავტორიზებული ეკონომიკური აგენტები ევროპაშიც მიიღებენ ასეთივე მარტივ პროცედურებს“, – განმარტა ლაშქარაძემ.
მისი ინფორმაციით, ავტორიზებული ეკონომიკური აგენტების მიმართ დაწესებული შეღავათები ნდობის ფაქტორზე იქნება დამყარებული.
„ავტორიზებული კომპანიების მიმართ ნდობის ფაქტორი უფრო მაღალი იქნება. ჩვენც და ევროკავშირის ქვეყნებიც, მას შემდეგ, რაც ავტორიზებულ კომპანიას ვაღიარებთ, უფრო ვენდობით. ეს ნდობა მარტო ფურცელზე არ გამოიხატება. ჩვენც და ევროკავშირის ქვეყნებიც სრულად გადასული ვართ რისკზე დაფუძნებული კონტროლის მექანიზმზე. კომპანიებში, რომელთაც ნდობა გამოუცხადეს, რისკის ალბათობა გაცილებით დაბალი იქნება. ანუ ის პროცედურები, კონტროლის ბერკეტები და მექანიზმები, რაც საბაჟო პროცედურების განხორციელების დროს ირთვება, მათთვის გაცილები მარტივი და მცირე იქნება. შეიძლება, საერთოდ არ იყოს. მაგალითად „მწვანე დერეფანს“ რასაც ვუწოდებთ, საქონლის წინასწარ დეკლარირების მექანიზმი, როდესაც საქონელს ასე ვთქვათ, არ ვეხებით და საზღვრიდან პირდაპირ სახლში მიდის. იმპორტ-ექსპორტის დროს ასეთივე პროცედურები უფრო გამარტივდება, როგორც ჩვენი, ისე ევროპის მიმართულებით“, – განმარტა ვახტანგ ლაშქარაძემ.