რომან კაკულია - „საბაჟო კოდექსის“ მხარდაჭერაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღე 
რომან კაკულია - „საბაჟო კოდექსის“ მხარდაჭერაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღე 

„საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებული კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ნამდვილად დადებითია, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა, რომან კაკულიამ განაცხადა.

ამასთან, კაკულიას თქმით, დეპუტატების დიდმა ნაწილმა კანონპროექტის სრულყოფილად გაცნობა ვერ მოასწრო. შესაბამისად, კაკულია მთავრობას მოუწოდებს, ასეთ საკითხებს მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ.

„ძირითადი გადაწყვეტილება და მხარდაჭერა პოლიტიკური იყო, რადგან მთავრობის მხრიდან იყო თხოვნა. ცხადია, ამას არავინ უარყოფს.დეპუტატების დიდმა ნაწილმა დოკუმენტის ბოლომდე განხილვა ვერ მოასწრო. მე აპარატს შაბათ-კვირას მუშაობა ვთხოვე და ვნახეთ, რომ პროექტში ძირითადი პრინციპები ნამდვილად დადებითია. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ მხარდაჭერას იმსახურებს, მაგრამ მეტ განმარტებას ველოდი, გარდა იმისა, რომ მასში იმდენი დადებითი რამ არის, რაც უფრო ჩქარა ამოქმედდება, ბიზნესოპერატორებისთვის მით უფრო უკეთესი. ჩემთვის ეს განმარტება რბილად, რომ ვთქვა, კომპეტენტური არ არის. მთავრობას მოვუწოდებ, უფრო მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგეს გადაწყვეტილებებს, როდესაც დეპუტატების მიმართ ასეთი თხოვნა აქვს. ალბათ ისინი ფიქრობენ, რომ დეპუტატებისგან არავითარი მაღალი ხარისხის კომპეტენტური შენიშვნები არ იქნება ან  სხვა რამეს ფიქრობენ. მაშინ ამას სულ სხვა პრობლემასთან მივყავართ, რაც ადრე თუ გვიან, თავს ამოყოფს და სჯობს, ამას დროზე მივხედოთ“, –  განაცხადა რომან კაკულიამ.

დეპუტატის თქმით, მან კანონპროექტის მხარდაჭერაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

„მე პოლიტიკური გადაწყვეტილება მივიღე, რადგან წამყვანი კომიტეტისთვის განხილვის ვალდებულება არ შეგვეჩერებინა, რადგან ასეთი თხოვნა იყო, მაგრამ ვუთხარი, თუ უფრო მეტად არ დაკონკრეტდებიან, გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობის ნაწილში, მაშინ სესიაზე ამ პროექტს ჩემი მხრიდან მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა კაკულიამ.

„საბაჟო კოდექსი“ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატთა ნაწილი „საბაჟო კოდექსის“ დაჩქარებული წესით განხილვას ეწინააღმდეგებოდა. როგორც დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, კანონპროექტი დეპუტატების 90 პროცენტს არ წაუკითხავს