დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი დეპუტატების 90 პროცენტს არ წაუკითხავს
დავით ჭიჭინაძე - ვფიქრობ, „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი დეპუტატების 90 პროცენტს არ წაუკითხავს

დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებით შენიშვნებსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს.

მისი თქმით, „საბაჟო კოდექსში ცვლილებების შესახებ“ კანონპროექტის მიმართ შინაარსობრივად ძალიან ბევრი შენიშვნა არსებობს, თუმცა ამაზე სასაუბროდ სხვებიც მზად უნდა იყვნენ.

„ამ კანონპროექტში ძალიან ბევრი ორმაგი სტანდარტია დარჩენილი. ვფიქრობ, კანონპროექტი დეპუტატების 90 პროცენტს არ წაუკითხავს და გადაწყვეტილების  წაუკითხავად მიღება ამორალურობად მიმაჩნია. არასწორი მგონია, დეპუტატმა ცხოვრებას სხვისი თვალებით უყუროს. ამის მაგალითია თუნდაც გუშინ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღის წესრიგში ჩასმული მოსამართლეების წარდგენის საკითხი, რომელიც ერთ დღეში გადაწყდა. რატომღაც ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების ერთი დღით ადრე გაცნობის ტენდენციაა, რომ ვერც საზოგადოებამ გაიგოს რაზეა საუბარი და შესაბამისად, გადაწყვეტილებები კულუარულად იქნეს მიღებული. გამოვედით იმ მდგომარეობიდან, რომ ჩვენი ბედი სადღაც კულუარებში წყდებოდეს. საზოგადოებისთვის ყველა გადაწყვეტილება ნათელი უნდა იყოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ჭიჭინაძის თქმით, პირველ რიგში საფრთხეა ის, რომ პარლამენტარიზმის იგნორირება ხედება.

„მაშინ დეპუტატების ფუნქცია რა არის? თუ კანონები წაუკითხავად უნდა მივიღოთ, მაშინ არ მესმის, რატომ უნდა ვიაროთ სხდომებზე. თუ არ ვკითხულობთ და მარტო რობოტების, ხელის დამჭერის როლი უნდა შევასრულოთ, მაშინ ჩვენს სიარულს რა აზრი აქვს. შეუძლიათ, რომ მინდობილობები გამოაქვეყნონ, აიღონ ეს მანდატები და გადაწყვეტილებები თვითონ მიიღონ. ასეთი მუშობის წესით მთავარი ხიფათი ზუსტად ის არის, რომ დეპუტატის კონტროლის მექანიზმი ქრება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

„საბაჟო კოდექსი“ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დატოვე კომენტარი