დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდა
დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდა

წარდგენილი დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდა, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ყველა დეკლარაცია, რომელშიც გადამხდელს წარმოექმნება დღგ-ის ზედმეტობა, გადის ე.წ. რისკების მოდულს, რომელიც გარანტირებულად, ადამიანური რესურსის გამოყენების გარეშე, გამარტივებული სისტემით აბრუნებს დღგ-ის გადასახადისგან წარმოქმნილ ზედმეტობას.

„ეს არის მთლიანად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ აწყობილი კომპიუტერული სისტემა. ჩვენ პროცესს სექტემბრიდან ვაკვირდებით და ვხედავთ, რომ პროგრამა დეკლარაციების 90%-ზე მეტს, „უშვებს“ ე.წ. მწვანე დერეფანში, დაახლოებით, 8-10 პროცენტი, რისკების მოდულის მიერ გამოვლენილი მაღალი რისკის მქონე დეკლარაციები, რომლის შესწავლა ხდება დამატებით“, – აღნიშნა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა.

„არის შემთხვევები, როდესაც დეკლარაციებს აქვს გარკვეული ხარვეზები. სწორედ ასეთი ტიპის დეკლარაციები და არა კომპანიები ხვდება ე.წ. წითელ დერეფანში. საუბარია, ისეთ შეცდომებზე, რომელიც შესაძლებელია გამოსწორდეს გადამხდელთან კომუნიკაციით, იშვიათ შემთხვევაში, აუდიტით,“ – აღნიშნა მან.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის განმარტებით, ე.წ. მწვანე დერეფანში დეკლარაციის გავლის შემდეგ, გადამხდელს სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, საშუალება აქვს თავად ნახოს წარმოქმნილი დღგ-ის ზედმეტობა.

მისი თქმით, მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

„ამ ეტაპზე, გადავწყვიტეთ ნაწილობრივ მოთხოვნის სახე მივცეთ დღგ-ის ავტომატურ დაბრუნებას. ამის ორი მიზეზია – პირველი ის, რომ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია გადამხდელის საბანკო ანგარიშების შესახებ და მეორე – ბევრია იმ გადამხდელთა რაოდენობა, რომლებსაც დღგ-ის ზედმეტობა მუდმივად აქვთ სხვა საგადასახადო ვალდებულებების მომსახურების მიზნით. სწორედ ამიტომ, მოთხოვნილი თანხის დაბრუნება მოხდება მეწარმის მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პორტალზე შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ამის შემდეგ, ავტომატურად ხდება საგადასახადო დავალების ფორმირება, რომელიც გადაიგზავნება ხაზინაში და შემდეგ თანხა გადაირიცხება გადამხდელის ანგარიშზე“, – განმარტა ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა გასული წლის განმავლობაში.

„ამაზე მეტყველებს თანხის ის დიდი მოცულობა, რომელიც შარშან დავაბრუნეთ (521 მლნ ლარი). ავტომატიზებული სისტემა არ გაეშვა, სანამ სრულყოფილად არ გაიტესტა პროგრამული მოდული. შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდეს, თუმცა, ვფიქრობთ, ეს არ იქნება მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც ვერ გამოვასწორებთ“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.

მისი თქმით, პროცესი ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას.

ინფორმაციას შემოსავების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი