გიგა ბოკერია - „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებით მთავრობის ასეთი ისტერიული ნაბიჯები ეჭვებს აჩენს
გიგა ბოკერია - „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებით მთავრობის ასეთი ისტერიული ნაბიჯები ეჭვებს აჩენს

„ევროპული საქართველო“ მოითხოვს, განმარტოს მთავრობამ, რა არის საჩქარო და გადაუდებელი „საბაჟო კოდექსთან“ დაკავშირებით.

როგორც გიგა ბოკერიამ დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, „საბაჟო კოდექსის“ შესახებ ინფორმაცია არც საპარლამენტო უმცირესობას ჰქონია და არც უმრავლესობას.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის აჩქარებული ნაბიჯები, გარკვეულ ეჭვებს აჩენს.

„კომიტეტის წინა სხდომაზე, როდესაც კითხვა დაისვა, მთავრობა საბაჟო კოდექსის გამოტანას ხომ არ აპირებდა, წარმოდგენა არ ჰქონდა არა თუ ოპოზიციას, არამედ, არც უმრავლესობას, რომ საერთოდ ამ ტიპის ამოცანა იდგა. ეს პარლამენტის, საზოგადოების და მთავრობის მიმართ ანგარიშვალდებულების დამოკიდებულებას აჩვენებს. ასევე, ლოგიკური აბსურდია. იმისთვის, რომ დეპუტატები დააკმაყოფილონ ამბობენ, რომ საბაჟო კოდექსი გვიან, ივლისში ამოქმედდება.  თუ გვიან ამუშავება, მაშინ დაჩქარებული წესით რატომ არის შემოტანილი. როდესაც მთავრობის მხრიდან ასეთ ისტერიულ ნაბიჯებს ვხედავთ, ეჭვები ჩნდება. არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და ტყუილად რამე ბრალდება ვისროლო. უბრალოდ ლოგიკურია ეჭვი, რომ შესაძლოა, რაღაც სპეციფიური და არალეგიტიმური ინტერესი იყოს. თუ ლეგიტიმური ინტერესია, მაშინ „ევროპული საქართველო“ მთავრობას ვთხოვთ, გვითხრას  საკითხები, რომელიც გადაუდებელია და რატომ არის გადაუდებელი. ამ კითხვებზე პასუხი არ გვაქვს. ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს ივანიშვილის დღევანდელი მთავრობა“, – განაცხადა ბოკერიამ.

„საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტი მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირას წარუდგინა.

საკანონმდებლო პაკეტი 32 კანონპროექტისგან შედგება, თავად „საბაჟო კოდექსი“ კი, 33 თავისა და 214 მუხლისგან.