ვახტანგ ხმალაძე - უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტში ლოპოტაზე გამოთქმული შენიშვნები ასახული არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებების პროექტში შენიშვნები ასახული არ არის, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ყოფილმა დეპუტატმა, ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როცა ამ საკითხზე ლოპოტაძე შეხვედრა გაიმართა, უმრავლესობას შენიშვნებზე არც თანხმობა განუცხადებია და არც უარი.
„არ ვიცი, ვინ მოამზადა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებები, მაგრამ მთელი რიგი შენიშვნები, რომლებიც ლოპოტაზე გამოითქვა, ასახული არ არის. როცა შენიშვნები გამოითქვა, უმრავლესობას არც უარი უთქვამს და არც თანხმობა, ანუ პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებები არ არის გათვალისწინებული, კერძოდ, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე. ზოგიერთი ცვლილება მისაღებია. რაც მომზადებულია, არათანმიმდევრულია, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. არის საკითხები, რომლებიც ალბათ სერიოზულ კამათს გამოიწვევს. კერძოდ, საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხი, ამომრჩეველთა სია“, – განაცხადა ხმალაძემ.
ყოფილი დეპუტატი ვარაუდობს, რომ შეთანხმების მიღწევა რთული იქნება, რადგან სამუშაო ჯგუფში ბევრი სუბიექტი მონაწილეობს.
ვახტანგ ხმალაძე საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მონაწილეობს, რომელიც სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა.