დავით ზილფიმიანი - ბოლომდე უმკაცრესად მივადევნებთ თვალყურს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას
დავით ზილფიმიანი - ბოლომდე უმკაცრესად მივადევნებთ თვალყურს ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას

ჩვენ ბოლომდე უმკაცრესად გავყვებით ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებას, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დავით ზილფიმიანმა განაცხადა.

როგორც დავით ზილფიმიანმა აღნიშნა, რეკომენდაციებში „ევროპელი სოციალისტების“ მოსაზრებები სრულად არის გათვალისწინებული.

„ჩვენი ინიციატივაა ელექტრონულ ფორმაზე გადასვლა. კარგია, მათ სწორად გაიგეს, რომ იმპლემენტაცია ელექტრონულისა ამ წელს 21-ის არჩევნებში რა თქმა უნდა, ვერ მოხდებოდა, მაგრამ საცდელად შეიძლება რომელიმე ერთ-ერთ უბანზე ეს განვახორციელოთ. რაც შეეხება როდიდან მოხერხდება მთლიანად გადასვლა, ვაპირებ ამასთან დაკავშირებით საექსპერტო კომპეტენტური დასკვნა შევადგინო და კიდევ ერთხელ განვიხილოთ, როდის იქნება შესაძლებელი სრულად ელექტრონულად ჩატარდეს არჩევნები. ჩვენ ბოლომდე უმკაცრესად გავყვებით ამ რეკომენდაციებს, რომ ყველა რეკომენდაცია აისახოს. დარწმუნებული ვარ, რომ ჯანსაღი აზრის საწინააღმდეგო და არაკონსტრუქციული მიდგომა არ ექნება მმართველ ძალას, რადგან აქ ისეთი არაფერი წერია, რომ მათთვის იყოს მიუღებელი. ამიტომ ბოლომდე მივადევნებთ თვალყურს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.

ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნეს.

საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სისტემისა და პოლიტიკური პარტიების კანონმდებლობაში ნებისმიერი წარმატებული ცვლილება მინიმუმ შემდეგ სამ ელემენტზე უნდა იყოს დაფუძნებული:

„1. ნათელი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა, რომელიც საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს პასუხობს და ასევე პასუხობს წინასწარ რეკომენდაციებს;

2. კანონმდებლობის მიღება ფართო კონსენსუსისა და ყველა დაინტერესებულ მხარესა და საჯარო კონსულტაციების შემდეგ;

3. პოლიტიკური ვალდებულების აღება, რომ  მსგავსი კანონმდელობა კეთილსინდისიერად განხორციელდეს.

დატოვე კომენტარი