ვახტანგ კალოიანი - პრობლემა იყო ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის ერთდროულად გახსნა, როცა შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი შუალედი ყოფილიყო
ვახტანგ კალოიანი - პრობლემა იყო ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის ერთდროულად გახსნა, როცა შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი შუალედი ყოფილიყო

პრობლემა იყო ორ ვაქცინაზე რეგისტრაციის ერთდროულად გახსნა, როცა შეიძლებოდა, რამდენიმედღიანი შუალედი ყოფილიყო, – ამის შესახებ ექიმმა, „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„მეორე პრობლემაა რეგიონული გადანაწილების ცოდნა. თბილისში მოთხოვნა მეტია, სამხრეთ საქართველოში შედარებით ნაკლები, დასავლეთში, ქუთაისში თუ ბათუმში შედარებით მეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში საშუალო და ა.შ. ეს რიცხვები დევს, მაგრამ ამას უბრალოდ, ანალიზი სჭირდებოდა, სად რა მოთხოვნაა. აცრის კაბინეტები, შესაბამისი გუნდები და შესაბამისი რაოდენობის ვაქცინები შეიძლებოდა, ისე გადანაწილებულიყო, რომ ქსელში გაჭედვა არ მომხდარიყო“, – განაცხადა კალოიანმა.

ვახტანგ კალოიანის თქმით, ხარვეზი რამდენიმე დღეში აუცილებლად გასწორდება, მაგრამ ისედაც შეფერხებული პროცესისთვის ეს არასაჭირო აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, სასარგებლო არ არის.

კალოანმა ასევე განაცხადა, რომ ეს არის სტრატეგიული დაგეგმარების პრობლემა, ამ ყველაფერის გათვლა შესაძლებელი იყო და მისი ტექნიკურად შესრულება, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთ შეიძლებოდა.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რომელი უწყებაა პასუხისმგებელი შექმნილ ვითარებაზე, კალოიანმა განაცხადა, რომ პროცესზე პასუხისმგებლობა ბევრ სხვადასხვა უწყებას აქვს.

„სტრატეგიულ გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო, რომელიც თანხმობას აძლევს ამ ტიპის აქტივობებს და გეგმებს ამტკიცებს. რა თმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ყველაფრის აღმასრულებელი ორგანიზატორია, ხოლო დაავადებათა კონტროლის ცენტრს მისი არც თუ ისე მცირე პასუხისმგებლობა აქვს. იგივე ვაქცინაციების საბჭო მათ შორის, მსგავსი პრობლემების შესწავლით, სოციოლოგიის, განწყობების შესწავლით, ტექნიკური ინფორმაციის გადამუშავებით და ანალიტიკით უნდა იყოს დაკავებული და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რიცხვებზე დაფუძნებულ ტექნოკრატიულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა კალოიანმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, უტოლდება თუ არა „სინოვაკის“ ეფექტურობის მაჩვენებელი „სინოფარმის“ მაჩვენებელს, კალოაინმა აღნიშნა, რომ ძირითადი კითხვები, რაც „სინოვაკთან“ და „სინოფარმთან“ დაკავშირებით იყო, იყო ინფორმაციის არარსებობა.

„ჩვენ ყველაფერი ვიცით „ასტრაზენეკას“ ირგვლივ, ვიცით „ფაიზერის“ პრობლემები და უპირატესობები, „მოდერნას“ უპირატესობები და ა.შ. მაგრამ არსად გაგვიგია ფართო, საჯარო მსჯელობა „სინოვაკთან“ და „სინოფარმთან“ დაკავშირებით“, – განაცხადა კალოიანმა.

კალოიანის თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინას ცალსახად აქვს სიცოცხლის გადამრჩენი ეფექტი, მაგრამ სავარაუდოდ, მას არ აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიეპიდემიური ზემოქმედება.

შეკითხვაზე, დგას თუ არა ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესრულება საფრთხის წინაშე, ვახტანგ კალოაინმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის იმ ტემპით, რაც დღეს არის, რა თქმა უნდა, დგას.