ვახო სანაია - დამნაშავეებმა კანონის ფარგლებში უნდა აგონ პასუხი, მეტს არაფერს ვითხოვთ
ვახო სანაია - დამნაშავეებმა კანონის ფარგლებში უნდა აგონ პასუხი, მეტს არაფერს ვითხოვთ

ჟურნალისტი ვახო სანაია აცხადებს, რომ მისი თავდასხმის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავეები არიან და ამისი მტკიცებულებაც აქვს.

მისივე თქმით, დამნაშავეებმა კანონის ფარგლებში პასუხი უნდა აგონ.

„სამართლებრივ ნაწილში ყველაფერი ცხადია, ყველა მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. მტკიცებულებები გამოვაქვეყნე კიდეც. მტკიცებულებები ამბობს, რომ იტყუებიან. მინდა, მთლიან კონტექსტს შევეხო, ჩემთვის ეს არის რასაკვირველია, ხელისუფლების პოლიტიკის გაგრძელება მედიის წინააღმდეგ. საზოგადოებრივი რეზონანსის გამო და იმიტომ, რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან დამნაშავეები, ხელისუფლება იძულებული გახდა, ისინი დაეკავებინა. მაგრამ ახლა მეორე ხელით ხელისუფლება ცდილობს, თავისი დაქირავებული ხალხით, რომლებიც არიან ვატო შაქარაშვილი, უცნობი, ჯაპანა, მათი ორგანიზაცია „აი ია“, ფონი შექმნას, რომ ბრალდებულები გამოაშვებინოს.

დაკავებული არის კორცხელის დამრბეველის ოჯახის წევრი, ვგულისხმობ გიგაურს და მის ოჯახის წევრს, მეორე გიგაურს. მათი მფარველია გეგა გეგეშიძე, რომლის მოადგილეც ახლა არის ჭიკაიძე და მანამდე თავად იყო ჭიკაიძის დაცვის უფროსი; უცნობი – ხელისუფლებისგან დაქირავებული ადამიანი, რომელიც იძახდა ცხრა აპრილის აქციაზე, რომ მედიასაშუალებები უბრალოდ უნდა დაიხუროს, იმ ცხრა აპრილის აქციაზე „ქართული ოცნების“ აქტივი ჰყავდათ მიყვანილი. ასე რომ, ეს თავიდან ბოლომდე ხელისუფლების მართულია. ცდილობენ, ფონი შექმნან და შემდეგ გამოაშვებინონ, მაგრამ საზოგადოებას არ სძინავს, არც ჩვენ გვძინავს და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი კანონის ფარგლებში. მეტს ჩვენ არაფერს ვითხოვთ.

რაც შეეხება მათ აქტივობასა და სასამართლო პროცესს რამდენჯერაც უნდათ, სადაც, როგორც უნდათ, მშვიდობიან ფორმებში რასაკვირველია, შეიკრიბონ და რაც უნდათ, ის ქნან, ოღონდ კანონს არ გადაუხვიონ. როგორც კი მე დამიბარებს მოსამართლე, მაშინვე მივალ და რამდენი აქციაც უნდათ, იმდენი ჩაატარონ. მივალ და მოსამართლის კითხვებს გავცემ პასუხს, მოვუყვები სიმართლეს“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლებმა ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს.

სამართალდამცველებმა სამი პირი ვახო სანაიას მიმართ მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის და ძალადობის მუხლებით დააკავა, სასამართლომ კი მათ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.