ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პარტიები ჟურნალისტ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.​

„დღეს დილით ჟურნალისტ ვახო სანაიას დაესხნენ თავს. მივიჩნევთ, რომ ეს უკიდურესად საშიში და პროვოკაციული გარემოს შედეგია, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა.

ოპონენტების ან უბრალოდ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ ძალადობა, ამ ძალადობის დაუსჯელობა და წახალისება, „ქართული ოცნების“ სავიზიტო ბარათად იქცა. განსაკუთრებით საშიშია, როცა ამგვარი ძალადობა ჟურნალისტის მიმართ ხდება.

ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ორგანიზება ან წახალისება, ისედაც პოლარიზებული გარემოს მეტად რადიკალიზებას იწვევს. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური პარტიების ამოცანა ამ პოლარიზების შემცირებაა და არა პირიქით.

ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებთ ვახო სანაიას. მოვითხოვთ ამ საქმის სწრაფად გამოძიებას და მოძალადეების დასჯას.

განცხადებას ხელს აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“, „ტრიბუნა“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „სამართლიანობისთვის“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ევროპული დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „გირჩი-თავისუფლებისთვის“, „თავისუფალი დემოკრატები“, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, შალვა შავგულიძე.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით გუშინ სამი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის და მისი მეუღლის ნათესავის მიმართ.