ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადის ამოწურვის გამო, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადის ამოწურვის გამო, ისინი საპატიმროს დღესვე დატოვებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების – ვაჟა გიგაურის, სულიკო საყევარაშვილისა და გიორგი სახელაშვილის პროცესი დასრულდა.

მოსამართლემ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, რომლებიც ბრალდებულებმა უკვე მოიხადეს. სწორედ დღეს გავიდა მათი დაკავებიდან ექვსი თვე.

ბრალდებულების ოჯახის წევრები, რომლებიც სასამართლოს ეზოში იყვნენ შეკრებილები, გადაწყვეტილებას ოვაციებით შეხვდნენ.

ამასთან, ბრალდებულთაგან ორს, სულიკო საყევარაშვილსა და ვაჟა გიგაურს მოსამართლემ დააკისრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი სახელაშვილის ადვოკატმა, გელა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

„მე მქონდა გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი გიორგი სახელაშვილის მიმართ. მოსამართლემ ვერ გაბედა ამ განაჩენის გამოტანა, რადგან ასეთი აჟიოტაჟით, ცალმხრივი და ცალკარში თამაში იყო მუდმივად, შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ თითქოს ეს ადამიანი იყო დამნაშავე. სინამდვილეში დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება, ერთხელ არ ყოფილა არც ერთ ტელევიზიაში პირდაპირი ეთერი ამ საკითხთან დაკავშირებით, იმ დროს, როდესაც მეორე მხარის მხრიდან ყოველდღიურად იყო საზოგადოების ტვინის გამორეცხვა, რომ გიორგი სახელაშვილი იყო დამანაშავე. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში, უზენაეს სასამართლოში, ჩვენ წავალთ სტრასბურგში და დავამტკიცებთ, რომ გიორგი სახელაშვილი ამ საქმეში უდანაშაულოა“, – განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის.

„ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, სრულად გამართლდა. ივლისში შეეძლოთ გადაწყვეტილების გამოცხადება და აგვისტოს ბოლომდე სპეციალურად გაწელეს, რადგან 25-ში ექვსი თვე შესრულებულიყო. მოსამართლემ ისინი დამნაშავედ ცნო, მაგრამ გაათავისუფლა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. მოსამართლემ სპეციალურად აქამდე მიიყვანა ჟურნალისტზე თავდასხმის, ჩემს ოჯახზე თავდასხმის საქმე. ეს ქმნის ამ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომს და ამან მოიტანა 5 ივლისი, ჩვენი კოლეგის მკვლელობა. მოსამართლემ დღეს რომ გამოუშვა ეს ადამიანები, იქნება იმის მაგალითი და გადამდები სხვებისვის, რაც ამ ქვეყნაში ხდება – დაუსჯელობის სინდრომი. ერთ-ერთი დამნაშავის, გიგაურის ოჯახი სჭირდებათ არჩევნებისთვის, რადგან არის გეგა გეგეშიძის ოჯახის წევრი, კორცხელის ამბების მონაწილეთა ოჯახის წევრი. სასარგებლო შრომაც დააკისრა მათ მოსამართლემ, თუმცა, რა სასარგებლო შრომა უნდა შეასრულონ?! ვნახეთ მისი სასარგებლო შრომა. სამარცხვინო სასამართლო გვყავს. ამ მოსამართლემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა და გაამართლა საზოგადოების მიერ სასამართლოსადმი დამოკიდებულება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რას გაასაჩივრებს, ამ ერთიანმა სისტემამ და ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ხალხი, მოძალადეები, გამოუშვა გარეთ“, – განაცხადა ვახო სანაიამ.

ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციას მართავენ აქტივისტები და ჟურნალისტები, რომლებიც მოსამართლის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.