ადვოკატი დავით ჩიხრაძე - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირსა და ვახტანგ სანაიას შორის არაფერი მომხდარა, დაინახეს, რომ მანქანა ვერ ადიოდა, მიეხმარნენ
ადვოკატი დავით ჩიხრაძე - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ პირსა და ვახტანგ სანაიას შორის არაფერი მომხდარა, დაინახეს, რომ მანქანა ვერ ადიოდა, მიეხმარნენ

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ. არც ერთი მათგანი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

დაკავებულებს ბრალად ედებათ ძალადობა, ამასთან, ერთ-ერთ თავდამსხმელს გამოძიება პროფესიული ნიშნით დევნასაც ედავება.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

როგორც ორი ბრალდებულის ადვოკატი დავით ჩიხრაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ინციდენტში არ მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, ერთმანეთს ვახო სანაია და მესამე ბრალდებული დაუპირისპირდნენ.

„დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. მათ გამოძიებას მისცეს დეტალური ჩვენება, განმარტეს ყოველი ნაბიჯი რა და როგორ იყო, არ იკვეთება მათი ბრალეულობა. ძალიან მარტივი რაღაც მოხდა. დაინახეს, რომ მანქანა ვერ ადიოდა. მოგეხსენებათ, იმ დღეს თოვლი იყო და გზა გაყინული იყო. მიეხმარნენ, ერთად აწვებოდნენ ამ მანქანას. იქ იყო ბატონი ვახტანგ სანაიაც. აიყვანეს მანქანა იმ გორაზე. შემდეგ ნახეს, რომ ადგილზე მაშველები მივიდნენ და მანქანას ტროსი ჩააბეს, თუმცა მაინც ვერ ადიოდა და ესენი ისევ მიეხმარნენ, ერთად აწვებოდნენ. შელაპარაკება არ მომხდარა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი გამობრუნდა, მაგრამ რატომღაც გიგაური იქ დარჩაო, რატომ დარჩა, ამათ არ იციან. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებენ, რომ ვნახეთ, გიგაური არ იყო ჩვენ გვერდით, რომ ავიხედეთ, ისინი უკვე მიწაზე გორაობდნენო. ჩვენ მივედით გასარკვევად, რა ხდებოდაო, ამ დროს უკვე მაშველები ჩაუდგნენ შუაში და ეს ორი გამოარიდეს იქაურობას. ქალბატონებიც იქ იყვნენ. ამათ შორის სხვა არაფერი მომხდარა. დაინახეს, რომ გიგაურთან მოუვიდა რაღაც. მსუბუქად ნასვამები იყვნენ და ნასვამობა დანაშაული არაა. რეალურად ვერც დაარტყამდნენ ესენი, ხუთი მაშველი ედგათ წინ. უკან რომ აბრუნდნენ, პოლიციაც იყო იქ“, – განაცხადა ადვოკატმა დავით ჩიხრაძემ.