ბათუმში მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდასაჭერად აქცია გამართეს
ბათუმში მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდასაჭერად აქცია გამართეს

ბათუმში მედიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდასაჭერად აქცია გამართეს.

სოლიდარობის აქციის მონაწილეების განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია.

„ჟურნალისტები შევიკრიბეთ, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას, ვახო სანაიას. ძალადობა ნებისმიერი ფორმით დასაგმობია, სიძულვილი არ უნდა იყოს წახალისებული და რაიმე ფორმით გამართლებული. ველოდებით საგამოძიებო ორგანოს, რა სახის რეაგირება ექნება ფაქტზე“, – განაცხადა „ტვ25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, სულხან მესხიძემ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ჟურნალისტმა, ნაზიბროლა რეხვიაშვილმა განაცხადა, პროტესტი ეხება როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, რადგან ცნობილია არაერთი ფაქტი, როდესაც ოპოზიციის წარაომადგენელი პოლიტიკოსები თავს ესხმიან მედიას.

„ეს არის შედეგი იმ აგრესიული ტონისა და ნარატივის, რომლითაც ესაუბრებიან ხელისუფლების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები საერთოდ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ბუნებრივია, ეს არ ეხება მხოლოდ ხელისუფლებას, რადგან არაერთი ფაქტი ვიცით, როდესაც ოპოზიციის წარაომადგენელი პოლიტიკოსები თავს ესხმიან ასევე მედიას“, – განაცხადა ნაზიბროლა რეხვიაშვილმა.

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს.