უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიმდინარე კვირაში გავა
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მიმდინარე კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა. კანონპროექტის მესამე მოსმენით სესიაზე გატანის საკითხი დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილება.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში რამდენიმე შესწორება შეიტანა. ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.
„კომიტეტის დადებითი დასკვნის შემდეგ, ბიუროს დაეწერება განსახილველად, რის შემდეგაც პარლამენტის სასესიო კვირაში კანონპროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე მოხდება. ვფიქრობ, ამით თითქმის ოთხთვიანი საკმაოდ საინტერესო და მაღალი ჩართულობით გამორჩეული პროცესი უკვე თავის ფინალურ ნაწილში გადავა, რასაც მისი კენჭისყრა ჰქვია. ამის შემდეგ ჩვენ გადავალთ უფრო მთავარ პროცესზე, რომელსაც უკვე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა განწესება ჰქვია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა.