პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ხვალიდან დაიწყება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი საქართველოს პარლამენტში ხვალიდან დაიწყება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ ცხრა კანდიდატს უნდა მოუსმინონ.

კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. პირველი მოსმენა 10:00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე კანდიდატს დეპუტატები 16:00 საათზე მოუსმენენ.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულების სისტემის სრულ რეფორმირებამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევა იქნება.

„ქართულმა ოცნებამ“ არ შეასრულა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება. ამას მოჰყვა, რომ ამერიკის ელჩმა ყვითლად გაუხაზა ის პუნქტები, რაც უნდა შესრულდეს სასამართლოსთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ბოიკოტს თუ ვინმე უცხადებს იმ პროცესს, რაზეც შევთანხმდით, არის „ქართული ოცნება“. შესაბამისად, პროცესში ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი პირობა იყო, რომ ჯერ შეგვეცვალა დანიშვნის წესები, გაგვეტარებინა კონკრეტული რეფორმა და ამის შემდეგ დაგვეწყო კონკრეტულ კანდიდატებზე ფიქრი და კანდიდატურების განხილვა“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცებით შარლ მიშელის დოკუმენტი არ ირღვევა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას თუ რაიმე არგუმენტი აქვს კანდიდატებთან დაკავშირებით, ეს საკომიტეტო მოსმენებზე უნდა დააფიქსირონ.

„უკვე საკომიტეტო მოსმენები გვექნება. ცხრა წარდგენილი კანდიდატიდან თითოეული მოსამართლე გაივლის საკომიტეტო მოსმენას, სადაც მათ მოუწევთ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. ოპოზიცია რომ არ იღებს ამ პროცესში მონაწილეობას, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციას, გარდა ხმამაღალი განცხადებისა, რეალური, საფუძვლიანი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა გაგრძელდეს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა, არ გააჩნია. თუ მათ აქვთ კითხვები, თუ მათ მოსამართლეობის კანდიდატების დანიშვნის მიმართ, მათი პროფესიონალიზმის მიმართ, ან იგივე იმ კლანის წევრობასთან დაკავშირებით რაიმე არგუმენტი ან კონკრეტული შეკითხვა გააჩნიათ, მოვიდნენ და დასვან, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მათ არანაირი კონკრეტული არგუმენტი ამისა, არ გააჩნიათ, ამიტომ ზოგადი, ლოზუნგური განცხადებებით შემოიფარგლებიან. პროცესი კონსტიტუციისა და იგივე მიშელის შეთანხმების ყველა პუნქტის გათვალისწინებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ცხრა კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი. პროცესს მონიტორინგს გაუწევენ საქართველოში წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

დატოვე კომენტარი