დიმიტრი გვრიტიშვილი - თუ რეფორმა არ არის მკაფიოდ ორიენტირებული სისტემურ გაუმჯობესებაზე და მიზნად ისახავს კონკრეტული მოსამართლეების დევნას, ის ემსგავსება „კუდიანებზე ნადირობას“
დიმიტრი გვრიტიშვილი - თუ რეფორმა არ არის მკაფიოდ ორიენტირებული სისტემურ გაუმჯობესებაზე და მიზნად ისახავს კონკრეტული მოსამართლეების დევნას, ის ემსგავსება „კუდიანებზე ნადირობას“

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ 26 მაისის კონფერენციის ჩასატარებლად მხოლოდ იუსტიციის   უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების ძალისხმევა საკმარისი არ არის, ახლა აუცილებელია მთელი სასამართლო კორპუსის აზრის დაფიქსირება, რომ ეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

გვრიტიშვილი აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ერთობლივ წერილს ეხმაურება და მოსამართლეთა კორპუსს მიმართავს.

„გუშინ გამოქვეყნდა აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ერთობლივი მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, შემდეგი მოთხოვნებით: შეჩერდეს მოსამართლეთა არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში, ასევე – შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნები, შეფასებები, დაწინაურებები, დისციპლინური ზომების გატარება, ვიდრე, ინკლუზიური პროცესის შედეგად, არ განხორციელდება 19 აპრილს გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმა. ამასთან, პარლამენტს შეახსენებენ, რომ ეს არის საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების გაწევის მკაცრი პირობა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, მივმართო ჩემს კოლეგებს:

წერილის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ უნდა შეჩერდეს აბსოლუტურად ყველა პროცედურა, რასაც ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მათ შორის – ნებისმიერი დანიშვნის თუ დაწინაურების პროცედურა! ეს ცხადად, ერთმნიშვნელოვნად ირკვევა აღნიშნულ წერილში ასახულ მოთხოვნებში.

ჩემი საბჭოს წევრობის განმავლობაში, ანუ 2017-2021 წლების პერიოდში, თითოეულ კონკურსზე, რომელიც ტარდებოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიზნით, ჩვენ ვაწყდებოდით ძალიან დიდ წინააღმდეგობას არასამთავრობო სექტორისა და მათი დონორების მხრიდან: მოითხოვდნენ პროცესის შეჩერებას, დანიშვნების გადადებას „კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებამდე“.

მე შემიძლია, სიამაყით ავღნიშნო: ჩვენ არასოდეს ვეპუებოდით! ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, ბოლომდე მიგვყავდა კონკურსები, ვინაიდან სასწორზე იდო ჩვენი კოლეგებისა და მთელი სასამართლო სისტემის ბედი. მივიჩნევდი, რომ სწორად ვიქცეოდი! ამ შეუპოვრობის შედეგია, რომ, დღეის მდგომარეობით, სამოსამართლო კორპუსის დაახლოებით 80 პროცენტზე მეტი უვადოდაა დანიშნული.

ცხადია, ჩვენ იმასაც ვაცნობიერებდით, თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვებოდა ამ „დაუმორჩილებლობას“ და ეს ყველაფერი სახეზეა: წლებია, მიმდინარეობს მართლმსაჯულების სისტემის, განსაკუთრებით კი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სრული დისკრედიტაციისა და ზღვარგადასული შეურაცხყოფის კამპანია, დაფინანსებული კლიპებით, ტელეგადაცემების მთელი ციკლითა და მოსამართლეების მაქსიმალურად დამაკნინებელი, სრულმასშტაბიანი კამპანია ვითომ „სასამართლოს კლანზე“ და ა.შ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია ამ კამპანიის სახე და ემისარი – ნაზიბროლა ჯანეზაშვილი სახით (რომელიც, რატომღაც, დღემდე ვერ იძიებს თავისი უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აუცილებელ დანართს – ე.წ. ნიშნების ფურცელს), რომლისთვისაც ტელევიზიების კარი ღიაა ყოველთვის; ის პატივსაცემი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ნებისმიერ ღონისძიებაზე, ჩვენგან – იმავე სტატუსის მქონე წევრებისგან განსხვავებით.

ნათელია, ჩვენც ასევე „დაგვაფასებდნენ“, გვექნებოდა „მშვიდი“ ცხოვრება, თუ დავყვებოდით ზეწოლას და შევაჩერებდით დანიშვნებს, ნომინაციებს. თუმცა, ამით ვუღალატებდით თქვენგან მონიჭებულ მანდატს – გვემოქმედა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრობის ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ პირადად და ჩვენი ოჯახები სტრესისა და დაუმსახურებელი შეურაცხყოფების, ცილისწამებების უზარმაზარი ტალღის ქვეშ აღმოვჩნდით, ჩვენ არ გვიღალატია ამ მანდატისთვის და ვამაყობთ ყველა იმ გადაწყვეტილებით, რაც მიგვიღია, რადგან თქვენი უვადოდ დანიშვნა იყო და არის დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობა! ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მოსამართლეთა დანარჩენი 20 პროცენტის უვადოდ დანიშვნის საკითხიც გადაწყდეს და გაურკვეველი ვადით არ გადაიდოს, რათა, ელემენტარულად, სისტემაში გვერდიგვერდ არ საქმიანობდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი კოლეგები.

რა შეეხება მოსამართლეთა 26 მაისს დანიშნული კონფერენციას, ის არ უნდა გადაიდოს! ჩემთვის გაუგებარია, რა ცვლილებებზეა საუბარი? საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის კანონმდებლობა ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკებს.

ჩვენ, მოსამართლეები, რეფორმებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით – ორიენტერებულნი ვართ წინსვლასა და   მუდმივ გაუმჯობესებაზე. პირადად ვიყავი ჩართული ბოლო წლებში იმ ძირითად სამუშაო ჯგუფში, რომელიც   მუშაობდა სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის მომზადებაში. ამიტომ ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთ რეფორმებს მრავალთვიანი მუშაობა სჭირდება და კონფერენციის გადადება ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარალიზებას. ამასთან, რეფორმა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული; მოდელი, როცა საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ნებისმიერი მოსამართლე და საბჭოს წევრი აირჩევა მოსამართლეთა მიერ ფარული კენჭისყრით, არის უმაღლეს სტანდარტზე დაფუძნებული. ამიტომ, თუ რეფორმა არ არის მკაფიოდ ორიენტირებული სისტემურ გაუმჯობესებაზე და მიზნად ისახავს კონკრეტული მოსამართლეების დევნას, მათ განდევნას სისტემიდან, ის ემსგავსება „კუდიანებზე ნადირობას“.

ელჩების მითითებულ წერილში მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესის შეჩერება. ეს ვითარება მართლაც უპრეცედენტოა: მიმდინარე შერჩევის პროცესის   პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა, არსებული პროცედურის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი სტანდარტი დააწესა, პროცედურის გამჭვირვალობისა და სრულად დამსახურებაზე დაფუძნების თვალსაზრისით. პარალელურად, ეს ცვლილებები პარლამენტმა კვლავ გადაუგზავნა შესაფასებლად ვენეციის კომისიას, რომელსაც არსებითი შენიშვნები არ ჰქონია. შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ მსგავსი სტანდარტი, ნომინირების პროცედურებში სხვა ქვეყნების მაგალითზე, მართლაც რომ გამორჩეულია; მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანალოგიური ორგანოების უფლებამოსილებაში შედის არათუ ნომინირება, არამედ – უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა/დანიშვნა და მათ ამგვარი მაღალი სტანდარტი ასეთ შემთხვევებშიც კი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ჰიპოთეტური ცვლილებების მომავალში განხორციელების პერსპექტივით, ყველა ამჟამინდელი შერჩევის პროცედურის შეჩერება მაინც არ არის ამ პროცესების დადებითად შეფასების და დასრულების უტყუარი საწინდარი. შესაბამისად, რომც მიღებულ იქნეს შესაბამისი ცვლილებები, არ არის გარანტია, რომ მათ ფონზე მაინც არ იქნება კვლავ მოთხოვნილი ამ პროცესის შეჩერება, როგორც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მართლაც მაქსიმალურად დახვეწილი პროცედურის ფონზე ხდება.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს პროცედურების ზემოაღნიშნული ცვლილებების მოთხოვნასაც, დღევანდელის მსგავსად, საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების გაწევის მკაცრი წინაპირობა ჰქონდა. იკვეთება, რომ ყველა ამ პროცესების დასრულება მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის პირობებში და სწორედ ამიტომაცაა მოთხოვნილი, მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან კორელაციაში მყოფი ნომინირება/დანიშვნა/არჩევის პროცედურების შეჩერება, ვიდრე ამჟამად ჩვენთვის უცნობი საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა არ მოხდება. თუმცა, ამის შემდგომი მოვლენების დადებითად შეფასების   პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით.

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ 26 მაისის კონფერენციის ჩასატარებლად მხოლოდ ჩვენი – იუსტიციის   უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების ძალისხმევა საკმარისი არ არის. ახლა აუცილებელია თქვენი, მთელი სასამართლო კორპუსის აზრის დაფიქსირება, რომ ეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს! ასევე, კონფერენციაზე, თქვენ მკაფიოდ უნდა გამოხატოთ თქვენი ნება – გსურთ ისეთივე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მოსამართლეების დამოუკიდებლობის, დაცულობის სადარაჯოზე იდგება და არ მოერიდება საკუთარ რეპუტაციულ ზიანს, თუ დაუშვებთ იმგვარი საბჭოს არსებობის პერსპექტივას, რომელიც, პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარი სიმშვიდის, რეპუტაციის დაცვის ინტერესით იმოქმედებს გადაწყვეტილებათა მიღებისას, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის ფასად.

დღევანდელი საბჭოს მოსამართლე წევრებმა პირველი გზა ავირჩიეთ და ამით უზომოდ ამაყი ვარ!“, – წერს დიმიტრი გვრიტიშვილი „ფეისბუქზე“.