მიხეილ სარჯველაძე - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს
მიხეილ სარჯველაძე - მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს

მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, შესაძლოა პარტნიორებს განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეთ და ამაზე სავარაუდოდ, საუბარი შედგება.

„შარლ მიშელის დოკუმენტში მოსამართლეების საპარლამენტო პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმებიდან არც ერთი არ რჩება. აქამდე რაც იყო, უკავშირდებოდა ვენეციის კომისიის გარკვეული რეკომენდაციების დარეგულირებას, რის მიღებამდეც პოზიცია იყო, რომ შერჩევა არ ყოფილიყო რეფორმამდე. ამჟამად, მომავალი რეფორმებიდან, რაც შეიძლება იყოს ისეთი, რომ გავლენა იქონიოს საპარლამენტო პროცედურებზე, ამ დოკუმენტიდან არ იკითხება.

ლოგიკური მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერების საფუძველი და მიზეზი არ არსებობს. შესაძლოა, ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პარტნიორებს განსხვავებული მოსაზრება და მოლოდინი ჰქონდეთ. შეიძლება, დოკუმენტის ინტერპრეტაცია ჰქონდეთ. ამის თაობაზე, ალბათ, საუბრის შესაძლებლობა გვექნება. ალბათ, გამოიკვეთება, კიდევ რა რეფორმა არის განსახორციელებელი და როდემდე, რა მოვლენამდე უნდა შეჩერდეს, რაც სწორედ ამ დოკუმენტით უნდა გაირკვეს, რადგან მკაცრი წესებით ჩასატარებელი პროცესია. არ მგონია, რომ ჩვენი პოზიცია ჯიუტი იყოს. ეს სიჯიუტე რომ ყოფილიყო, იმ დოკუმენტს ხელი არ მოეწერებოდა, რომელშიც შეჩერება იყო გათვალისწინებული“, – განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განცხადებით, კარგი იქნება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესში პარლამენტი პაუზას თუ გააკეთებს.

დატოვე კომენტარი