უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის ორ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება აქციის ფონზე დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოძრაობა „ლელოს“ წევრები უნდობლობას უცხადებენ აღნიშნულ პროცესს. მათი შეფასებით, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, მათ შორის, ამ გასაუბრებით ცდილობს, მათი დავალებების შემსრულებელი მოსამართლეები დანიშნოს. ისინი ხელისუფლებას მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლობირებაში და მათ მფარველობაში ადანაშაულებენ. აქციის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ეს მოსამართლეები ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას და ახლა ახალ ხელისუფლებას ემსახურებიან, რომელმაც მუდმივად გაამწესა ისინი მოსამართლის პოზიციაზე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი ამჯერადაც დარღვევით მიმდინარეობს. მისი თქმით, დარღვეულია ვადები, რაც სერიოზული დარღვევაა.

„რაც შეეხება კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს, იმედის თვალით ნამდვილად არ ვუყურებ. არ მჯერა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჯერად მაინც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხის სასარგებლოდ. ისინი კიდევ ეცდებიან, რომ თავიანთი ხალხი გაიყვანონ უზენაეს სასამართლოში, რათა უზენაესი სასამართლო იყოს ჩინჩალაძის გავლენების ფარგლებში. ეს პროცესი არ იმსახურებს ნდობას. ამ ექვს ადამიანს შორის არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კლანის მხარდაჭერით ისარგებლებენ, თუ არ ექნებათ ჩინჩალაძის კლანის და ხელისუფლების მხრიდანაც სათანადო მხარდაჭერა. დეკემბრის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევამ აჩვენა, რომ კლანი ვისაც უჭერს მხარს, პარლამენტის მხარდაჭერაც მოიპოვა“, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ ორ მოსამართლეს ამოეწურა უფლებამოსილების ვადა და დღეს იმართება გასაუბრება ორ კანდიდატთან.

ამასთან, მან უპასუხა ნაზი ჯანეზაშვილის კრიტიკას და ასევე, აქცია, რომელიც გასაუბრების პარალელურად გაიმართა.

„ეს არის ერთი და იგივე სახის უარგუმენტოდ განმეორებული სიტყვები, რომელსაც უკვე მერამდენედ ვისმენთ. კონკურსი იყო ღია და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. ეს შერჩევის პროცედურები აბსოლუტურად გამჭვირვალედ არის ჩატარებული.

ეს არის პროცედურები, რომელიც არის მიღებული მეოთხე ტალღის ფარგლებში და ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდა ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია, საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მიიღო პარლამენტმა, იყო აბსოლუტურად მისაღები და ფართო კონსენსუსის საფუძველზე შედგა. პროცედურები, რომელიც გათვალისწინებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევად, არის ძალიან მაღალი ხარისხით და დიდხნიანი პროცესით შემოწმებული ყველა მხარის მიერ. ახლა პრეტენზიების გაცხადება ძალიან უადგილოა. საგანგებო მდგომარეობის გამო კანდიდატად დარეგისტრირების თაობაზე გამოცხადებული ხუთდღიანი ვადა მცირედით დაირღვა. ყველა წევრს სრულყოფილად გადაეცა მასალები. არგუმენტირებულ პრეტენზიას ვერ ვხედავ და ვერ ვისმენ“, – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.