მიქაუტაძემ საფრანგეთში ისევ გაიტანა - ქართველის გოლით „მეცმა“ კონკურენტი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ გაიტანა და „მეცს“ გასვლით შეხვედრაში უშუალო კონკურენტ „ლე ჰავრთან“ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.

30-ე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „მეცის“ ძირითად შემადგენლობაში იყო. 43-ე წუთზე გიორგიმ პაპე დიალო ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა მეკარეს ვერ აჯობა და ანგარიში გახსნის რეალური შანსი გაანიავა.

ქართველმა ფეხბურთელმა თავი მეორე ტაიმის დასაწყისშივე გამოიჩინა – 46-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა არტურ ატამ ზუსტად ვერ დაარტყა, მაგრამ ბურთი მიქაუტაძემ მოიპოვა, საკმაოდ მახვილი კუთხიდან გოლის გატანა მოახერხა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

30 ტურის შემდეგ 29 ქულით „მეცი“ მე-15 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ხოლო კონკურენტი „ლე ჰავრი“ (28) მე-16 ადგილზე დაქვეითდა.

რაც შეეხება გიორგის პირად მონაგარს, ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა, სულ მის ანგარიშზე 14 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა შორის მე-7 პოზიციაზე დაწინაურდა.