„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა
„უოლ სთრით ჯორნალი“ - რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა

რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა.

ამის შესახებ გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალის“ საგამოძიებო სტატიაშია ნათქვამი.

სტატიის ავტორები წერენ, რომ რუსულ გაზსადენებზე აფეთქებების მოწყობის იდეა რამდენიმე უკრაინელ მაღალჩინოსანს და ბიზნესმენს ჯერ კიდევ 2022 წელს გაუჩნდა. ბიზნესმენები ოპერაციის დაფინანსებას დათანხმდნენ. ოპერაციის მონაწილე პირთა განცხადებით, გეგმის რეალიზაცია 300 000 დოლარი ჯდებოდა.

როგორც ამერიკელი გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, ოპერაციას კურირებდა გენერალი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური დავალებების შესრულების გამოცდილება. მისი ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტმა რუსულ გაზსადენებზე აფეთქების გეგმა დაამტკიცა, თუმცა ამის შესახებ ნიდერლანდების დაზვერვამ შეიტყო და ინფორმაცია აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს გაუზიარა. ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ზელენსკის სთხოვეს, ოპერაცია გაეუქმებინა და უკრაინის ლიდერის შესაბამისი განკარგულება ზალუჟნის გადაეცა.

თუმცა, როგორც გამოძიების ავტორები ამტკიცებენ, ზალუჟნიმ ზელენსკის ბრძანება არ შეასრულა და გაზსადენის აფეთქების გეგმა შეცვალა.

თავად ზალუჟნი „უოლ სთრით ჯორნალთან“ აცხადებს, რომ ამ ოპერაციის შესახებ არაფერი იცის.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაური დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნა, რაც მას სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტს ანიჭებს.

საგამოძიებო სტატიის მიხედვით, რუსულ გაზსადენზე აფეთქების მოწყობის ოპერაციაში ექვსი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი სასეირნო იახტა „ანდრომედით“ გადაადგილდებოდნენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ადგილზე მისული მყვინთავები წყვილში მუშაობდნენ, იყენებდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომელიც ტაიმერით აღჭურვილ დეტონატორთან იყო მიერთებული.

სტატიაში ნათქვამია, რომ გაზსადენზე მომხდარი აფეთქებიდან რამდენიმე დღეში ამერიკულმა დაზვერვამ გერმანიას მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ოპერაციის დეტალებზე იყო საუბარი. ამ ცნობების საფუძველზე გერმანელმა სამართალდამცავებმა შეძლეს იახტაზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალის აღმოჩენა, ასევე მიაგნეს ოპერაციაში მონაწილე პირების თითის ანაბეჭდებს.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, უკვე 2022 წლის ნოემბერში გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ რუსულ გაზსადენზე აფეთქება უკრაინელებმა მოაწყვეს.

ცნობისთვის, 14 აგვისტოს გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პროკურატურამ ჯერ კიდევ ივნისში რუსული გაზსადენის აფეთქებაში ეჭვმიტანილი უკრაინელი მყვინთავის დაკავების განკარგულება გასცა. ამის შემდეგ „შპიგელმა“ დაწერა, რომ პოლონეთში მყოფმა ეჭვმიტანილმა ქვეყნიდან გაქცევა შეძლო, რადგან, სავარაუდოდ, გაფრთხილებული იყო.