ჯასტინ ტრიუდო და ოლაფ შოლცი მიიჩნევენ, რომ კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის გაყოფის საშუალება არ მისცა
ჯასტინ ტრიუდო და ოლაფ შოლცი მიიჩნევენ, რომ კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის გაყოფის საშუალება არ მისცა

ჯასტინ ტრიუდო და ოლაფ შოლცი მიიჩნევენ, რომ კანადის მიერ „ჩრდილოეთის ნაკადისთვის“ ტურბინის გადაცემამ ვლადიმერ პუტინს არ მისცა დასავლეთის გაყოფის საშუალება. აღნიშნულის შესახებ კანადის პრემიერმა და გერმანიის კანცლერმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

„ეს იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რადგან მან გამოავლინა პუტინის სტრატეგია, რომელიც მიმართულია მოკავშირეების გაყოფისკენ, რაც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერაზე გავლენის მოხდენას და თუ ჩვენ ერთად ვიდგებით, სწორედ ამის გამორიცხვას შევძლებთ“, – განაცხადა შოლციმა.

ამასთან, გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ რუსეთი აღარ არის სანდო ბიზნესპარტნიორი.

„მან შეამცირა გაზის მიწოდება მთელ ევროპაში, ყოველთვის მოჰყავს ტექნიკური მიზეზები, რომლებიც არასდროს არსებობდა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არ ჩავვარდეთ პუტინის ხაფანგში და ვიდგეთ ერთად“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

თავის მხრივ, კანადის პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა და გერმანია დარჩებიან რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებული მომავალი ერთი ან ორ წლის განმავლობაში.

„რაც ჩვენ გავაკეთეთ ამ ტურბინის დაბრუნებით, გამოვრიცხეთ საბაბი იმის შესახებ, რომ რუსეთი ვიღაცას დააბრალებდა მისი ენერგეტიკული პოლიტიკის იარაღად გამოყენების გადაწყვეტილებას. რუსეთის მიზანი არ არის მხოლოდ განხეთქილების ჩამოყალიბება ქვეყნებს შორის, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინას, არამედ ძირს უთხრის საზოგადოების მხარდაჭერას იმ მტკიცე პოზიციების მიმართ, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა დაიკავეს უკრაინის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ტრიუდომ.