სერგეი ლავროვი - დასავლური მედიის მცდელობა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების ბრალი უკრაინელ ოლიგარქზე გადაიტანონ, სამარცხვინოა
სერგეი ლავროვი - დასავლური მედიის მცდელობა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების ბრალი უკრაინელ ოლიგარქზე გადაიტანონ, სამარცხვინოა

დასავლური მედიის მცდელობა, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების ბრალი უკრაინელ ოლიგარქზე გადაიტანონ, სამარცხვინოა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

ლავროვის თქმით, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და მისი სამდივნო ერიდებიან კომენტარებს გაზსადენის აფეთქებების მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობის შესახებ.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე თავდასხმაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.

„გენერალური მდივანიც და მისი კოლეგებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან აიცილონ პასუხი ამ ლეგიტიმურ კითხვებზე. ჩვენ, რუსეთის ფედერაციამ, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წარვუდგინეთ რეზოლუცია, რომლითაც ვთხოვდით გაერო-ს სამდივნოს მიუკერძოებელი გამოძიების ორგანიზებას. ვფიქრობ, რომ ის ფაქტები, რომლებიც დღეს არსებობს საჯარო სფეროში და დასავლური მედიის სამარცხვინო რეაქცია ამ ფაქტებზე, რომელიც ბოლო დღეებში გაჟღერდა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩება და საერთაშორისო თანამეგობრობის ნებისმიერმა კეთილსინდისიერმა წევრმა უნდა მოითხოვოს მიუკერძოებელი, ობიექტური გამოძიება, რათა ამ ტერაქტის ორგანიზატორებმა პასუხისმგებლობა არ აირიდონ“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.