უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დავით ბაციკაძე - უხერხულია, როდესაც სააკაშვილის პარტიის წევრები მონას გეძახიან, მაგრამ ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება
უხერხულია, როდესაც სააკაშვილის პარტიის წევრები მონას გეძახიან, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ დავით ბაციკაძემ განაცხადა. დავით ბაციკაძემ უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მერიის შენობა დატოვა. შენობის გასასვლელთან მას მოძრაობა „გაბედესა“ და „ალტერნატივის“ წევრები შეძახილებით დახვდნენ.
„უხერხულია, როდესაც სააკაშვილის პარტიის წევრები მონას გეძახიან. დაითვალეთ რამდენი არიან, გაცილებით ცოტა, ვიდრე აქ შეკრებილი ჟურნალისტები. ძალიან უხერხულად იქცევიან, მაგრამ ესაა დემოკრატიის ხიბლი, ყველას აქვს ჩვენს დროში გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა დავით ბაციკაძემ.
სხდომის დასრულების მიუხედავად, აქციის მონაწილეები მერიის შენობასთან ისევ რჩებიან.
ბათუმის მერიასთან დღეს დილიდან ხმაურია. მოძრაობა „გაბედესა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრები აქციას მართავენ. მათ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მისულ დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს. აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები შენობაში შესვლასაც ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.