ალეკო ელისაშვილი - არავისთვის ვაპირებ სირცხვილის დერეფნების მოწყობას, ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების არჩევანს ვცემ პატივს
ალეკო ელისაშვილი - არავისთვის ვაპირებ სირცხვილის დერეფნების მოწყობას, ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების არჩევანს ვცემ პატივს

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებთან „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა მისთვის მიუღებელია და მისი გუნდი აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს.

ელისაშვილის განმარტებით, პატივს სცემს ნებისმიერი ამომრჩევლის, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების არჩევანს.

„სირცხვილის კორიდორების მოწყობას ჩვენ არ ვაპირებთ. უფრო მეტიც, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. მიუხედავად იმისა, რომ არ მესმის, ამ ვითარებაში „ქართულ ოცნებას“ რატომ უნდა უჭერდე მხარს ადამიანი და არჩევნებზე რატომ უნდა ხაზავდე, ამის მიუხედავად, ნებისმიერი ადამიანის ნებას ვცემ პატივს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ გულწრფელი მხარდამჭერების არჩევანს, მათ პოზიციას. ადამიანს აქვს უფლება, მოსწონდეს ის, ვინც მოსწონს და მხარს უჭერდეს და ხაზავდეს ბიულეტენში, ვინც მოსწონს. მათ ამ არჩევანს მე პატივს ვცემ და არავისთვის არ ვაპირებ სირცხვილის დერეფნების მოწყობას. მეორე ტურს გავაპროტესტებთ, მაგრამ ეს არავისთვის დერეფნების მოწყობა არ იქნება. პირადად მე, როგორც მეორე ტურში გასული საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, არ ვაპირებ მეორე ტურში მონაწილეობას 21 ნოემბერს, ბოიკოტს ვაცხადებ. ჩემს მხარდამჭერებსაც მოვუწოდებ, არ მივიდნენ მეორე ტურებში და არ მიიღონ მონაწილეობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.