სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლების მიმართ პროტესტის დაფიქსირება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული
სალომე სამადაშვილი - ამომრჩევლების მიმართ პროტესტის დაფიქსირება ყოველგვარ აზრს არის მოკლებული

ამომრჩევლების მიმართ პროტესტის დაფიქსირება, ვფიქრობ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ განაცხადა.

„პროტესტი ამომრჩევლების მიმართ არასწორია. მიუხედავად იმისა, არ ვიცი, ისინი რა მოტივაციით მიდიან არჩევნებზე, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არის არჩევნები, რადგან მეორე ტურში ოპოზიცია მონაწილეობას არ იღებს და უშეჯიბრო გარემო არ შეიძლება, არჩევნებად ჩაითვალოს. მიუხედავად ამისა, ისინი ამომრჩევლები არიან და მათ მიმართ პროტესტის დაფიქსირება ვფიქრობ, უბრალოდ, ყოველგვარ აზრს არის მოკლებული და სწორი გზავნილი არ არის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნება თუ არა არჩევნების დღეს „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა ამომრჩევლების ნებაზე ზეწოლა და გამოიწვევს თუ არა ეს პროცესების რადიკალიზაციას, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პროცესების რადიკალიზაციას ის იწვევს, რასაც ხელისუფლება აკეთებს.

„თქვენ დღეს ნახეთ ნიკა მელიას შტაბზე ფიზიკური თავდასხმა და ოფისის დაწვა. აი, ეს არის ძალადობა და პოლიტიკურ პროცესებზე ძალადობრივი გზით ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. თუ ვიღაცას სურვილი ექნება, გაყალბებული არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით თავისი პროტესტი გამოხატოს, ეს მათი სამოქალაქო უფლებაა, მაგრამ მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ რაღაც თვალსაზრისით ალბათ, ის ამომრჩეველიც ხელისუფლების მსხვერპლია, რომელიც იძულებულია, ამ ფარსში მიიღოს მონაწილეობა და ვფიქრობ, ერთხელ უკვე თავისუფლებაწართმეულ ადამიანს მეორედ რაღაც პრობლემა არ უნდა შეუქმნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ შეაფასებს მიხეილ სააკაშვილის მიმართვებს, რომელიც ოპოზიციას მოუწოდებს, გადაწყვიტონ, ჩამოვიდეს თუ არა ის საქართველოში, ხოლო მეორე დღეს აცხადებს, რომ ეს ამომრჩევლებმა უნდა გადაწყვიტონ, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის პირადი გადაწყვეტილებაა და მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს, ჩამოვიდეს თუ არა.

„მას ვერ დაეხმარება ის, რომ ქვეყანაში მისი დაბრუნება ძალიან ბევრ ადამიანს უნდა. მიმაჩნია, რომ მას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების სრული უფლება აქვს. თუმცა, მისი გადასაწყვეტია, ეს როდის და როგორ გაკეთდება“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეკითხვაზე, განსაზღვრავს თუ არა სააკაშვილის მოწოდებები და მიმართვები ოპოზიციური ერთობის დღის წესრიგს, სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ის ასე არ ფიქრობს.

„არა, არ ვიცი, არ მგონია. მე ვფიქრობ, ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ რაღაც ნარატივი შექმნან, თითქოს ოპოზიციაში პროცესებს მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა ხვალინდელი მდუმარე აქციის იდეას, სამადაშვილმა განაცხადა, რომ აქციის იდეას მიესალმება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ გუშინ ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს მიმართა და მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორი მოაწყონ. მსგავსი შინაარსის განცხადება ვარშალომიძემ დღესაც გააკეთა.

ამასთან, დღესვე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა, რომ არჩევნები ყველგან გაყალბებულია და შესაბამისად, ყველგან მოეწყობა სირცხვილის კორიდორი.