უკრაინული მედია წერს, რომ მარიუპოლის დამცველები ევაკუაციას ითხოვენ
უკრაინული მედია წერს, რომ მარიუპოლის დამცველები ევაკუაციას ითხოვენ

მარიუპოლის დამცველები ევაკუაციას ითხოვენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედია ავრცელებს უკრაინის არმიის საზღვაო ქვეითების 36-ე ბრიგადის ხელმძღვანელის, სერგეი ვოლინას წერილს, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„თეთრი დროშები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის უკვე მეოთხედ გამოიყენება, ხალხის თითოეული ევაკუაციის დროს. ბოლო ევაკუაციის საფასური სამი მოკლული და ექვსი დაჭრილი ჯარისკაცია. მარიუპოლის გარნიზონმა ყველაფერი გააკეთა მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად იღონონ ყველაფერი სამხედროების ევაკუაციისთვის“, – აღნიშნავს ვოლინა.

ვოლინას თქმით, „აზოვსტალში“ მყოფი მებრძოლები უკრაინის ერთგული რჩებიან და აღწერს მდგომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

„მეჩვენება, რომ აღმოვჩნდი ჯოჯოხეთურ რეალითი შოუში, სადაც ჩვენ სამხედროები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ვიყენებთ გადარჩენის ყველა შანსს და მთელი მსოფლიო უბრალოდ უყურებს საინტერესო სიუჟეტს. ასეთ სცენარებს იყენებენ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებში. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს ფილმი არ არის და ჩვენ არ ვართ გამოგონილი პერსონაჟები. ეს არის რეალური ცხოვრება. ტკივილი, ტანჯვა, შიმშილი, წამება, ცრემლი, შიში, სიკვდილი – ყველაფერი რეალურია“, – აცხადებს ვოლინა.