გერმანული მედია - გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ
გერმანული მედია - გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ

გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. ARD Monitor-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ რეპორტაჟი გადაცემა Tagesschau-ში გავიდა.

როგორც ავტორები აღნიშნავენ, სამშენებლო კომპანიების წლიური ანგარიშებიდან, ასევე ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ გერმანული ფირმები მარიუპოლის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

სამშენებლო ტექნიკაზე, ასევე სამშენებლო კონსტრუქციებსა და მასალებზე ჩანს გერმანული კომპანიების ლოგოტიპები, მათ შორის WKB Systems GmbH-ის და Knauf-ის. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი ნიკოლაუს კნაუფი ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო რუსეთის საპატიო კონსული. გერმანული კომპანიის, Knauf-ის ცნობით, რუსეთში ამ დრომდე ჰყავს 4 000 თანამშრომელი, გაყიდვების მოცულობა კი მილიარდობით დოლარს შეადგენს.

ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ განცხადებაში Knauf-მა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და იცავს ევროკავშირის მიერ დაწესებულ ყველა სანქციას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ რუსეთში მათი წარმოება მხოლოდ „რუსული ბაზრისთვის მუშაობს“, გამომძიებელი-ჟურნალისტების ბევრი კითხვა კი უპასუხოდ დატოვეს.