გერმანია აფრთხილებს გერმანულ კომპანიებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ პროექტებში ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორიაზე
გერმანია აფრთხილებს გერმანულ კომპანიებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ პროექტებში ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორიაზე

ოფიციალური ბერლინი აფრთხილებს გერმანულ კომპანიებს, არ მიიღონ მონაწილეობა რუსულ პროექტებში ოკუპირებული მარიუპოლის ტერიტორიაზე. აღნიშნული განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

როგორც უწყების პრესსპიკერმა განაცხადა, მარიუპოლის ე.წ. რეკონსტრუქცია მხოლოდ რუსულ პროპაგანდას ემსახურება.

„თითოეულმა კომპანიამ, რომელიც ჩართულია ამაში, უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, რას ემსახურება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ გამოძიებას გამოეხმაურა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო, სადაც განაცხადეს, რომ საბაჟო სამსახურმა და პროკურატურამ უნდა გაარკვიონ, დაარღვიეს თუ არა სანქციები გერმანულმა კომპანიებმა.

ARD Monitor-ის ჟურნალისტური გამოძიების შესახებ რეპორტაჟი გადაცემა Tagesschau-ში გავიდა, სადაც აღნიშნულია, რომ გერმანული კომპანიები რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ. როგორც გამოძიების ავტორები აღნიშნავენ, სამშენებლო კომპანიების წლიური ანგარიშებიდან, ასევე ფოტო და ვიდეომასალებიდან ჩანს, რომ გერმანული ფირმები მარიუპოლის რეკონსტრუქციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.