უკრაინაში დაბრუნებული პოლკ „აზოვის“ მეთაურები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან
უკრაინაში დაბრუნებული პოლკ „აზოვის“ მეთაურები აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნებული პოლკ „აზოვის“ მეთაურები აცხადებენ, რომ ისინი საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთვებიან.

როგორც ლვოვში გამართულ შეხვედრაზე „აზოვსტალის“ დამცველმა, დენის პროკოპენკომ თქვა, ახლა მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის არმიამ სტრატეგიული ინიციატივა ხელში ჩაიგდოს.

„ჩვენ კიდევ ვიტყვით საკუთარ სიტყვას ბრძოლაში“, – განაცხადა პროკოპენკომ.

აზოველების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მათ მადლობა საბრძოლო მოქმედებების დროს გამოჩენილი გმირობისთვის.

დენის პროკოპენკო და „აზოვის“ კიდევ ოთხი მეთაური 2022 წლის სექტემბრის შემდეგ თურქეთში იმყოფებოდნენ. ისინი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის შუამავლობით დადებული შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლდნენ რუსეთის ტყვეობიდან. მაშინ შეთანხმების ერთ-ერთ პირობად დასახელდა, რომ „აზოვის“ მეთაურები საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე თურქეთში დარჩებოდნენ.