უკრაინის სახალხო დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ
უკრაინის სახალხო დეპუტატის ინფორმაციით, მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, იქ მყოფი ადამიანები გადარჩნენ

მარიუპოლის დრამატული თეატრის თავშესაფარმა ავიადარტყმას გაუძლო, თავშესაფარში მყოფი ადამიანები გადარჩნენ, – ამის შესახებ უკრაინული მედია უკრაინის სახალხო დეპუტატის, სერგეი ტარუტაზე დაყრდნობით წერს.

„გაურკვევლობის საშინელი ღამის შემდეგ, ომის 22-ე დღის დილით მარიუპოლიდან როგორც იქნა კარგი ამბები გვაქვს! თავშესაფარმა გაუძლო. ნანგრევების გასუფთავება დაიწყო, ადამიანები ცოცხლები გამოდიან!“ – წერს ტარუტა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

უკრაინული მედიის ცნობით, 16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობა დაბომბა, რომელსაც ასობით მშვიდობიანი მცხოვრები აფარებდა თავს.

როგორც უკრაინელმა დეპუტატმა დმიტრო გურინმა ბიბისითან განაცხადა, რუსულმა ძალებმა ავიადარტყმა განახორციელეს თეატრზე დიდი წარწერის მიუხედავად, რომ შენობას ბავშვები აფარებდნენ თავს.

„თვითმფრინავიდან მფრინავმა დაინახა ეს სიტყვები და მან მაინც დაბომბა დრამატული თეატრი“, – განაცხადა გურინმა. მისი ინფორმაციით, თეატრში მოწყობილ თავშესაფარში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.