უკრაინის საგარეო უწყება - დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება, რომ უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, კონტექსტიდან არის ამოღებული
უკრაინის საგარეო უწყება - დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადება, რომ უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, კონტექსტიდან არის ამოღებული

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს განცხადებით, უკრაინას შეუძლია, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუ გარემოებები ამას აიძულებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინელმა დიპლომატმა BBC Radio 5 Live-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეუძლია, თუ არა უკრაინას ნატო-ში არგაწევრიანების ვარიანტის განხილვა, პრისტაიკომ უპასუხა:

„ჩვენ შეგვეძლო. თქვენ მართალი ხართ, ასე წერია ჩვენს კონსტიტუციაში. ახლა ნაწილობრივ ვეწინააღმდეგები იმ ძირითად დოკუმენტს, რაც გვაქვს. ჩვენ მოქნილები ვართ, როდესაც ვცდილობთ, ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი. ჩვენ თუ მოგვიწევს რაიმე მნიშვნელოვან დათმობებზე წასვლა, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. უდავოდ“, – განაცხადა პრისტაიკომ.

პრისტაიკო მიიჩნევს, რომ „არსებული საფრთხის გათვალისწინებით“, უკრაინა შეიძლება, იძულებული გახდეს, ასეთი ნაბიჯი გადადგას. მან აღნიშნა, რომ უკრაინა შეიძლება, დარჩეს დაუცველი რუსეთის ფედერაციის მხრიდან აქტიური შეტევის შემთხვევაში.

„კითხვა, რომელსაც 40 მილიონიანი ქვეყანა სვამს, არის ის, როგორ გადავრჩებით, თუ ისინი (რუსეთი) ხვალ მოვლენ“, – ამბობს პრისტაიკო.

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის განცხადებას გამოეხმაურნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და საგარეო უწყებაში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ოლეგ ნიკოლენკომ აღნიშნა, ელჩის სიტყვები, რომ უკრაინამ შესაძლოა, უარი თქვას ნატო-სკენ სვლაზე, კონტექსტიდან ამოღებულია.

„დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს სიტყვები, თითქოს უკრაინა მზად არის, განიხილოს ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმა რუსეთთან ომის თავიდან ასარიდებლად, კონტექსტიდან ამოღებულია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

მისივე თქმით, პრისტაიკომ ინტერვიუში მართებულად აღნიშნა, რომ ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა გათვალისწინებულია უკრაინის კონსტიტუციაში, მაგრამ უკრაინა ჯერ არ არის ნატო-ს ან უსაფრთხოების სხვა ალიანსის წევრი.

„ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის საკვანძო საკითხი უსაფრთხოების გარანტიების საკითხია. უდავოა, რომ საუკეთესო გარანტია უკრაინის ნატო-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება იქნება, მაგრამ უკრაინისთვის საფრთხეები აქ და ახლა არსებობს, ამიტომ გარანტიების თაობაზე კითხვაზე პასუხის პოვნა ფუნდამენტურად გადაუდებელი ამოცანა ხდება. ამასთან, უკრაინის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება არ შეიძლება“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვი მიიჩნევს, რომ ელჩმა პრისტაიკომ უნდა განმარტოს თავისი სიტყვები.

„ბატონმა ელჩმა გამოიყენა სიტყვა „მოქნილობა“. ვფიქრობ, ღირს, მიეცეს საშუალება, ახსნას კონკრეტულად, რა ჰქონდა მხედველობაში, ვიდრე რაიმე დასკვნა გაკეთდება“, – განაცხადა ნიკიფოროვმა ​„უნიანთან“ საუბარში.

ნიკიფოროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ როგორიც არ უნდა იყოს ელჩის განმარტება, „ჩრდილოატლანტიკური და ევროპული კურსი რჩება აბსოლუტურ პრიორიტეტად“ უკრაინისთვის.

„ეს კურსი არა მხოლოდ კონსტიტუციით არის დაფიქსირებული, არამედ მას აქვს ხელისუფლებისა და საზოგადოების სრული თანხმობა“, – განაცხადა ნიკიფოროვმა.