უკრაინის გენშტაბი - რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს
რუსებმა „ისკანდერის“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, ბელგოროდის რეგიონში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.
„სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი ჯარების დაჯგუფებას აძლიერებს და ბელგოროდის რეგიონში დამატებითი ძალების კონცენტრირებას ახდენს. მტერი აგრძელებს ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკადას, აგრძელებს ჩვენი საჯარისო ნაწილებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართულებით ცეცხლს ხსნის“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები აგრძელებენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას აგრძელებენ. უკრაინის საზღვრიდან სამ კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში ოკუპანტები აძლიერებენ საინჟინრო-საფორთიფიკაციო პოზიციებს.
„მარიუპოლის მიმართულებით ოკუპანტები აგრძელებენ სროლას და ჩვენი დანაყოფების ბლოკირებას „აზოვსტალის“ რაიონში. გარდა ამისა, ახორციელებენ საავიაციო დარტყმებსაც. მტერი ასევე ცდილობს უზრუნველყოს საკუთარი ჯარის ლოგისტიკური მხარდაჭერა“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს ოთხი ერთეული ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, ოთხი ერთეული საავტომობილო ტექნიკა და ხუთი ერთეული საარტილერიო სისტემა.