უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი დასავლეთს გერმანიის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრედერის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კლიმკინმა გერმანული გამოცემა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება იმ პირების წინააღმდეგ, ვინც საზღვარგარეთ ვალდიმერ პუტინის პროექტების განვითარებაზე მუშაობს.
„გერჰარდ შრედერი მსოფლიოში პუტინის უმნიშვნელოვანესი ლობისტია. ამიტომ საჭიროა იმის გარკვევა, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს ასეთ სიტუაციაში მოქმედება“, – აღნიშნა კლიმკინმა.
გერმანიის ყოფილი კანცლერის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს ეთანხმება ევროპარლამენტის დეპუტატი ელმარ ბროკი.
„ის, რომ გერმანიის ყოფილი კანცლერი ახლა პუტინის ინტერესებს წარმოადგენს, სკანდალია. გასაკვირია, რომ ამას ამ დრომდე არ გამოუწვევია შედეგები საზოგადოებრივი დისკუსიის ფარგლებში“, – განაცხადა ბროკმა.
გერჰარდ შრედერმა გერმანიის კანცლერის თანამდებობა 2005 წელს დატოვა. ამის შემდეგ ის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. მოგვიანებით კი შრედერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ჩაუდგა სათავეში.