უეს მიტჩელი - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აშშ-ის სტრატეგიული ამოცანაა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ ამოცანად რჩება, – ამის შესახებ განცხადება თბილისში, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე უეს მიტჩელმა გააკეთა. მისი თქმით, აშშ-ი ამ ამოცანის მისაღწევად რესურესებს არ დაიშურებს.
„საქართველოს თამამად შეუძლია, დაეყრდნოს აშშ-ს. ვაშინგტონმა ეს დაამტკიცა ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებით. პირველ რიგში, ეს ეხება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობებს. აქვე დავასახელებდი აშშ-ისა და ნატო-ს მეთაურობით საქართველოში ჩატარებულ წვრთნებს. ამას დავამატებდი იარაღს, რომელსაც აშშ-ი საქართველოს აწვდის. ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ აშშ-ი არ დაიშურებს რესურსებს და ყურადღებას საქართველოს მხარდაჭერისთვის და უზრუნველჰყოფს, რომ საქართველომ საკუთარი ტერიტორიების დაცვა შეძლოს“, – განაცხადა მიტჩელმა.
თავის გამოსვლაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამ ომის დროს გახდა ცხადი, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა და განზრახული აქვს სისტემატურად დაარღვიოს დასავლური უსაფრთხოების და პოლიტიკური წესრიგი.
„დასავლეთი წლების განმავლობაში მიძინებულ მდგომარეობაში იყო. ის არ იმჩნევდა იმ ტაქტიკას, რომელსაც მოსკოვი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმართავდა. ეს არ იყო ახალი ტაქტიკა და ისტორიაში არსებობს ამის მაგალითები, თუმცა ახალმა ტექნოლოგიებმა ის უფრო ეფექტური გახადა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მთავრობა იმავე მეთოდებს მიმართავს, როდესაც კიბერსივრცეში ატარებს პროპაგანდისტულ საინფორმაციო კამპანიებს დასავლეთში. ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ გამოაცხადა, რომ აშშ-ის საარჩევნო პროცესებში სხვა ქვეყნის ჩარევას არ დაუშვებს. 2008 წელს საქართველოში ომით ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციას აქვს შესაძლებლობა და განზრახვა, სისტემატურად დაარღვიოს დასავლეთის უსაფრთხოება და პოლიტიკური წესრიგი. ამის ხაზგასმა აუცილებელია, რადგან მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არსებობდა კონსენსუსი, რომ რუსეთი დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ეს მხოლოდ ბოლო წლებში შეიცვალა და დასავლეთში გაჩნდა ფართო კონსენსუსი და ყველამ დაიწყო ფიქრი, როგორც უნდა ვუპასუხოთ ამ საფრთხეებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ 2008 წლის ომის შემდეგ არ გამოვიღვიძეთ. ამ ომიდან ექვსი თვე გავიდა, როდესაც ჩვენ აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვა“ დავიწყეთ. ჩემი აზრით, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ირიბად შეუწყო ხელი უკრაინის ომის გაღვივებას. ასე რომ, ახლა ჩვენ გვაქვს ორი ომი ევროპაში. უკრაინის შემთხვევაში, 10 000 სიცოცხლე დავკარგეთ. საქართველოს შემთხვევაში, ვხედავთ ამის ეფექტს აფხაზეთსა და ცხინვალში. თუმცა, ახლა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლურმა სამყარომ გამოიღვიძა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.