ვეს მიტჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა
ვეს მიტჩელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის საელჩოში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს უსაფრთხოებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და ტრანსატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას შეეხებოდა. როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერას.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ნატო-ს სამიტის წინ მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებას ესმოდეს დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობა.

„ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, ემზადება ძალიან მნიშვნელოვანი ნატო-ს სამიტისთვის, სადაც მიღებული უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება გრძელვადიანი ზეგავლენა ჩვენი ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ესმოდეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია. ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს ძალიან კარგად ესმით, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გადარჩენა და დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნება. საქართველო თუ კიდევ ერთი ქვეყანა გახდება პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც ჩამოყალიბდება და გამყარდება ოლიგარქიული მმართველობის რეჟიმი, სამწუხაროდ, ამ ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით პერსპექტივა დაეკარგება. ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებს და სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას, გააგრძელებს მასმედიის თავისუფლების მხარდაჭერას და გააგრძელებს პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერას“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღესვე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა.