ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვეს მიტჩელი  საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებულ ვითარებას გაეცნო. ის  საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ადგილზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად იმყოფება.

სოფელ ოძისიდან კარგად ჩანს ოკუპირებული სოფელი ახმაჯი, რუსული სამხედრო ბაზა და ოკუპირებულ ცხინვალთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა.

ინფორმაცია საოკუპაციო ზოლის მიმდებარედ არსებული ვითარებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესახებ ვეს მიტჩელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა მიაწოდეს.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ვეს მიტჩელმა თბილისში გუშინ  ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოვიდა.  ნატო-ს ფორუმის პარალელურად, მან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგნლებსაც შეხვდა.