თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება
თბილისში მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მეოთხე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნება

მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით, დღეს თბილისში მეოთხე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „მსოფლიო თავდაყირა 2018“ გაიხსნება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები დავით ზალკალიანი და ლევან იზორია.

კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის და ძირითად სესიებს მოდერაციას გაუწევს უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

ღონისძიებას დაესწრებიან და სხვადასხვა სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის სტუმრები როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ისე ევროპიდან, მათ შორის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი, შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტისა და სახელმწიფო მდივნის მთავარი მრჩეველი ანდრეა ტომპსონი, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ტაკან ილდემი, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი რიინა კიონკა, ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის სეიმის წევრი ზიგიმანტას პავილიონისი.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩები იან კელი და ჯონ ტეფტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დაგეგმილ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს Financial Times-ის ჟურნალისტი ედვარდ ლუისი, ხოლო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან დისკუსიას წარმართავს მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

საქართველოს დემოკრატიის მომავლის შესახებ დისკუსიას წარმართავენ აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონი, „ფრიდომ ჰაუსის“ ყოფილი პრეზიდენტი და ადამიანის უფლებების მიმართულებით მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი დევიდ კრამერი, ასევე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი.

დისკუსიას თემაზე – საქართველო და დასავლეთი წარუძღვება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელი.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება დისკუსიები და დებატები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები და საერთაშირისო ჟურნალისტები.

​კონფერენციის ფარგლებში ასევე გაიმართება პანელი პუტინის რუსეთის შესახებ, რომელსაც რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „სახალხო თავისუფლების პარტიის“ ლიდერი მიხეილ კასიანოვი, მოძრაობა „ღია რუსეთის“ თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ კარა-მურზა, ასევე Chatham House-ისა და ფლორიდის უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან. პანელის მოდერატორი ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წარმომადგენელი დონალდ ჯენსენი იქნება.

​ოლიგარქიისა და დემოკრატიის თემაზე დაგეგმილ პანელში კი, რომელსაც კურტ ვოლკერი წარუძღვება, მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის რადას დეპუტატი სერგეი ლეშენკო, მოძრაობა „ღია რუსეთის“ წარმომადგენელი მარია ლოგანი და რამდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლები.

ღონისძიების მონაწილეები ასევე გაიხსენებენ და პატივს მიაგებენ სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნას.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებს, ტრანსკავკასიურ აღმოსავლეთ-დასავლეთ კორიდორს, ჰიბრიდულ ომსა და დეზინფორმაციას, რუსეთის ქმედებებს, აშშ-ის საგარეო პოლიტიკას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს.

„თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა აუცილებელი თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

უკრაინის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, კურტ ვოლკერის თქმით, იმ ფონზე, როდესაც 10 წელი შესრულდა რუსეთ-საქართველოს ომიდან და რუსული სამხედრო ძალა კვლავ რჩება საქართველოს ტერიტორიებზე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი ლიდერები ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს სამომავლო გზის ერთგულნი დარჩნენ.

„მაკკეინის ინსტიტუტისთვის, რომელიც სენატორ ჯონ მაკკეინისა და მაკკეინების ოჯახის მემკვიდრეობის გასაგრძელებლად შეიქმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩაერთოს საქართველოში მიმდინარე პროცესებში როგორც იმ გამორჩეული ლიდერების შემკრები, რომლებიც დემოკრატიული მომავლისთვის იბრძვიან. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ შეკრებს მთავარ მოაზროვნე-ლიდერებს და გადაწყვეტილების მიმღებებს, რათა განიხილონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გავლენას ახდენს რეგიონზე“, – განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კურტ ვოლკერმა.

ყოველწლიური კონფერენცია დღეს სასტუმრო „თბილისი რუმსში“ გაიხსნება და ხვალ დასრულდება.