უძველესი მარსი ყინულის ფენებით იყო დაფარული და არა მდინარეებით — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
უძველესი მარსი ყინულის ფენებით იყო დაფარული და არა მდინარეებით — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

მარსის ზედაპირზე არსებული ხეობათა ქსელის დიდი ნაწილი მყინვარების ქვეშ ნადნობმა წყალმა ამოკვეთა და არა თავისუფლად გამდინარე მდინარეებმა, როგორც ეს აქამდე მიიჩნეოდა — ამის შესახებ კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის მკვლევართა ჯგუფის ახალი კვლევა იუწყება. აღმოჩენა უკუაგდებს თბილი და ნოტიო უძველესი მარსის ჰიპოთეზას, რომლის მიხედვითაც, წითელ პლანეტაზე ერთ დროს არსებობა მდინარეები, ნალექები და ოკეანეები.

კვლევის ავტორი ანა გრაუ კალფორე ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც მარსის ათასობით ხეობის შესასწავლად შექმნა და გამოიყენა ახალი მეთოდი. მან და მისმა კოლეგებმა ერთმანეთს ასევე შეადარეს მარსის ხეობები და კანადის არქტიკული არქიპელაგის მყინვარქვეშა არხები; მსგავსება საოცარი აღმოჩნდა.

„გასული 40 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მარსის ხეობები აღმოვაჩინეთ, გაჩნდა მოსაზრება, რომ მარსზე ერთ დროს მიედინებოდა მდინარეები, რომლებმაც ეს ხეობები წარმოქმნეს“, — ამბობს გრაუ კალფორე.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, მარსზე ასობით ხეობაა და ისინი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. თუკი დედამიწას თანამგზავრიდან დახედავთ, დაინახავთ ბევრ ხეობას — ზოგი მათგანი მდინარეების მიერ არის წარმოქმნილი, ზოგი მყინვარების, ზოგიც სხვა პროცესების შედეგად და თითოეულ ამ ტიპს აქვს ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმა. ანა გრაუ კალფორე ამბობს, რომ ასეა მარსზეც, ხეობები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ წარმოქმნაში ჩართული უნდა ყოფილიყო მრავალი პროცესი.

მსგავსებამ მარსის მრავალ ხეობასა და კანადის არქტიკის კუნძულ დევონის მყინვარქვეშა არხებს შორის, ავტორებს მათი შედარებითი კვლევის ჩატარება შთააგონა.

„კუნძული დევონი მარსის ერთ-ერთი საუკეთესო ანალოგია დედამიწაზე. ის ცივი, მშრალი პოლარული უდაბნოა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კანადის დასავლეთის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი გორდონ ოსინსკი.

საერთო ჯამში, მკვლევრებმა შეისწავლეს მარსის 10 000-ზე მეტი ხეობა და მათ მიღმა მიმდინარე ეროზიულ პროცესებში გასარკვევად გამოიყენეს ახალი ალგორითმი.

კვლევის კიდევ ერთი თანაავტორი, დასავლეთის უნივერსიტეტის დედამიწის, ოკეანისა და ატმოსფეროს მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მარკ იელინეკი ამბობს, რომ ასეთი შედეგები პირველი მტკიცებულებაა, რომლის მიხედვითაც, უძველეს მარსზე ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან მყინვარქვეშა ეროზიას, რომელსაც წარმართავდა მყინვარული საფარის ქვეშ არხებად მიმდინარე ნადნობი წყალი.

მისივე თქმით, ეს აღმოჩენა აჩვენებს, რომ ხეობათა ქსელის მხოლოდ მცირე ნაწილი ემთხვევა ზედაპირის წყლების ეროზიის ტიპურ მახასიათებლებს, რაც აშკარად განსხვავდება ტრადიციული შეხედულებისგან. პროფესორი იქვე აღნიშნავს, რომ მარსის ზედაპირის მორფოლოგიის გამოყენება პლანეტის ხასიათისა და ევოლუციის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გზით აღსადგენად, ნამდვილად პირდაპირი და რევოლუციურია.

გრაუ კალფორეს თეორია ასევე კარგად ხსნის, როგორ შეიძლებოდა 3,8 მილიარდი წლის წინ ხეობები წარმოქმნილიყო მზიდან დედამიწაზე უფრო შორს მდებარე პლანეტაზე, იმ ხანაში, როცა მზე უფრო ნაკლებად ინტენსიური იყო.

„კლიმატის მოდელირების პროგნოზით, ხეობების ქსელის წარმოქმნის ხანაში მარსის უძველესი კლიმატი საკმაოდ ცივი იყო. ვცადეთ, ყველაფრისთვის ერთად მოგვეყარა თავი და შეგვემუშავებინა ჰიპოთეზა, რომელიც აქამდე არავის მიუღია მხედველობაში — ის, რომ არხებისა და ხეობებისა წარმოქმნა შესაძლებელია მყინვარული საფარის ქვეშ, სადრენაჟო სისტემის ნაწილის სახით, რომელიც ყინულოვანი საფარის ქვეშ ბუნებრივად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც მის საძირკველთან წყალია აკუმულირებული“, — ამბობს გრაუ კალფორე.

გარდა ამისა, ასეთი გარემო უფრო ხელსაყრელი იქნებოდა სიცოცხლის გადარჩენისთვის. ყინულის ფენები საუკეთესო დაცვისა და სტაბილურობის საშუალება უნდა ყოფილიყო ქვეშ არსებული წყლისთვის. ამავე დროს, წარმოქმნიდა მშვენიერ თავშესაფარს მზის რადიაციისგან დასაცავად იმ პირობებში, როდესაც მარსს მაგნიტური ველი არ გააჩნია; ეს უკანასკნელი კი წითელ პლანეტას ერთ დროს ჰქონდა, მაგრამ მილიარდობით წლის წინ გაქრა.

მართალია, გრაუ კალფორეს კვლევა მარსზე იყო ფოკუსირებული, მაგრამ მის მიერ შექმნილი ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენება ასევე შესაძლებელია ჩვენი პლანეტის ადრეული ისტორიის შესახებ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად. იელინეკი ამბობს, რომ გეგმავს, ახალი ალგორითმი გამოიყენოს ძალიან ადრეული დედამიწის დროიდან შემორჩენილი ეროზიული მახასიათებლების კვლევისა და ანალიზისთვის.

„ამჟამად ჩვენ შეგვიძლია ზედმიწევნით აღვადგინოთ დედამიწის გლაციალიზაციის ისტორია ერთიდან ხუთ მილიონამდე წლის წინ. ანას მიერ შექმნილი ალგორითმი კი საშუალებას მოგვცემს, მყინვარული საფარის წინსვლისა და უკან დახევის პროცესები სულ მცირე 35 მილიონი წლის წინანდელ პერიოდში შევისწავლოთ, ანტარქტიდის საწყის ხანაში, უფრო ადრეულ პერიოდში, ვიდრე ამჟამად ჩვენს ხელთ არსებული უძველესი ყინულების ნიმუშებია. ეს გახლავთ ძალიან ელეგანტური ანალიტიკური ხელსაწყო“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, კანადის დასავლეთის უნივერსიტეტის დედამიწის, ოკეანისა და ატმოსფეროს მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი მარკ იელინეკი.

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ubc.ca-ს მიხედვით.