მარსზე აღმოჩენილია მდინარის კვალი, რომელიც სავარაუდოდ 100 000 წლის განმავლობაში მიედინებოდა
მარსზე აღმოჩენილია მდინარის კვალი, რომელიც სავარაუდოდ 100 000 წლის განმავლობაში მიედინებოდა

მკვლევართა საერთაშირისო ჯგუფმა მილიარდობით წლის წინ მარსის ზედაპირზე მჩქეფარე მდინარეების არსებობის ახალი მტკიცებულება იპოვა, რამაც შეიძლება, ახალი ცნობები მოგვცეს წითელ პლანეტაზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნისათვის.

ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს ახალ, მაღალი რეზოლუციის ფოტოებს, რომლებიც მარსის გარშემო მოძრავმა ხომალდმა Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო.

„სამწუხაროდ, არ გვაქვს საშუალება უშუალოდ იქ ვიყოთ, ადგილზე, რათა უფრო მცირე მასშტაბის დეტალებს დავაკვირდეთ. თუმცა, გასაოცარი მსგავსება დედამიწაზე არსებულ დანალექოვან ქანებთან, წარმოსახვას ძალიან მცირე ასპარეზს უტოვებს“, — ამბობს კვლევის ავტორი, ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტის მკვლევარი ფრანჩესკო სალესი.

მზის სისტემის ერთ-ერთი უდიდესი დარტყმითი კრატერის, მარსის ელადის ვაკის აუზისთვის ხომალდის მიერ გადაღებული ფოტოები ჯგუფმა 3D ტოპოგრაფიულ რუკებად გარდაქმნა. შედეგად, აღმოაჩინეს დაახლოებით 200 მეტრი სიმაღლისა და 1,5 კმ სიგანის დანალექი დეპოზიტები; მათი ასაკი 3,7 მილიარდი წელია.

„200 მეტრი სისქის დანალექების წარმოსაქმნელად საჭიროა მნიშვნელოვანი ოდენობის წყლის შემცველი გარემო“— უთხრა სალესმა New Scientist-ს.

მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათი აღმოჩენა მნიშვნელოვნად დაეხმარება მარსზე უძველესი სიცოცხლის კვალის ძებნას.

„აქამდე არასოდეს გვინახავს ასეთი დიდი ოდენობის დეტალის მქონე მოშიშვლებული ქანები, რომლებსაც ერთი შეხედვითვე ეტყობა, რომ ძალიან ძველია“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის მკვლევარი ჯოელ დევისი.

მისი თქმით, ეს აღმოჩენა ახალ ცნობებს გვაწვდის მარსის ლანდშაფტში ერთ დროს არსებული წყლის ოდენობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება სიცოცხლის კვალის ძებნაშიც.

როგორც დევისი აღნიშნავს, ამ ქანების წარმომქმნელი მდინარეები სავარაუდოდ აქტიური უნდა ყოფილიყო ათობით და ასობით ათასი წლის განმავლობაში.

ფოტოების ავტორი, თანამგზავრი Mars Reconnaissance Orbiter-ი წითელი პლანეტის ორბიტაზე 400 კმ სიმაღლეზე მოძრაობს და აღჭურვილია კამერით, რომელიც მარსის ლანდშაფტს ფოტოებს პიქსელზე 25-სანტიმეტრიანი რეზოლუციით უღებს.

მკვლევართა განცხადებით, აქ, დედამიწაზე, დანალექ ქანებს გეოლოგები ჩვენს პლანეტაზე მილიონობით და მილიარდობით წლის წინ არსებული გარემოს შესასწავლად იყენებენ და ძალიან ამაღელვებელია, როდესაც ამ მეთოდის გამოყენება უკვე სხვა კლდოვან პლანეტაზეც შეგვიძლია. ეს პლანეტა კი მარსია, რომლის უძველესი დანალექი ქანებიც დედამიწისაზე უფრო ძველ მონაცემებს ინახავს.

მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი