მარსის წყალი მინერალებით მდიდარი, მარილიანი და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო
მარსის წყალი მინერალებით მდიდარი, მარილიანი და სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო

ამჟამად დედამიწა ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი ადგილია სამყაროში, სადაც სიცოცხლე არსებობს. ნობელის პრემია ფიზიკაში წელს მიიღო სამმა ასტრონომმა, რომლებმაც თითქმის 20 წლის წინ დაამტკიცეს, რომ პლანეტები საკმაოდ უხვად არის მზის სისტემის მიღმა არსებულ ვარსკვლავებთანაც. სიცოცხლეს მრავალგვარი ფორმა აქვს, დაწყებული ადამიანებით, ყველგანმყოფი მიკროორგანიზმებით დამთავრებული, რომლებიც პლანეტა დედამიწის თითქმის ყოველ გოჯზე ბინადრობენ. სიცოცხლე გავლენას ახდენს თითქმის ყველაფერზე, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება. ალბათ მომავალში სიცოცხლეს მზის სისტემის გარეთაც აღმოვაჩენთ, მაგრამ მზის სისტემაშიც არის ადგილები, რომლებიც გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია სიცოცხლის აღმოცენება.

ამ სიის სათავეში ორი მიზეზის გამო მარსია . პირველი ის არის, რომ ის უფრო ახლოს არის დედამიწასთან, ვიდრე სატურნისა და იუპიტერის მთვარეები (რომლებიც ასევე შესანიშნავი კანდიდატებია მზის სისტემაში არამიწიერი სიცოცხლის საძებნელად). მეორე — მარსზე დაკვირვება ადვილია, რადგან მას არ აქვს ისეთივე სქელი ატმოსფერო, როგორც ვენერას; არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს, რომ ერთ დროს მარსის ზედაპირის ტემპერატურა და წნევა ისეთი იყო, რომ იქ არსებობდა თხევადი წყალი, რაც სიცოცხლისათვის გადამწყვეტ პირობად მიიჩნევა. კარგად ჩანს უძველეს მდინარეთა დელტებიც; ბოლოდროინდელი კვლევები კი აჩვენებს, რომ მილიარდობით წლის წინ, მარსის ზედაპირზე მართლაც უხვად იყო თხევადი წყალი.

მეცნიერები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი სიცოცხლისთვის ხელსაყრელი იყო. თუმცა, დიდად საკამათოდ რჩება, იყო თუ არა წარსულში მარსზე სიცოცხლე ან არის თუ არა ის იქ ახლაც. ამ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხის გასაცემად, მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ წყლის ის ქიმიური შემადგენლობა, რომელიც მას უნდა ჰქონოდა მარსზე დღემდე შემორჩენილი მილიარდობით წლის წინ წარმოქმნილი მინერალებიდან გამომდინარე.

მარილიანობა (რამდენ მარილს შეიცავს), pH (რამდენად მჟავე იყო წყალი), ჟანგვა-აღდგენითი მდგომარეობა ანუ ჟანგბადი — ბუნებრივი წყლის ფუნდამენტური მახასიათებლებია. მაგალითად, დედამიწის ამჟამინდელი ატმოსფერო ჟანგბადით ძლიერ გაჯერებულია (შეიცავს დიდი ოდენობით O2-ს), მაგრამ საკმარისია რომელიმე ტბის ფსკერზე რამდენიმე სანტიმეტრი გავბურღოთ, რომ ვნახოთ გარემო, სადაც ჟანგბადის ოდენობა ძლიერ მცირდება.

მარსის ბოლოდროინდელი დაკვირვებები მიუთითებს, რომ მის უძველეს გარემოში წარმოქმნილი იყო სიცოცხლისათვის საჭირო პირობები. კერძოდ, ამჟამინდელ გეილის კრატერში ერთ დროს მდგარი ტბის დანალექები მიუთითებს, რომ ეს დანალექები წარმოქმნილია თხევად წყალში, რომელშიც pH-ის დონე ახლოს იყო დედამიწის ამჟამინდელ ოკეანეებში არსებულთან. რა თქმა უნდა, დედამიწის ოკეანეებში სიცოცხლის აურაცხელი ფორმაა და როგორც ჩანს, ადრეული მარსის ზედაპირის გარემოც ერთ დროს ისეთი იყო, სადაც თავისუფლად იარსებებდა თანამედროვე დედამიწის სიცოცხლე, მაგრამ იდუმალებით რჩება მოცული, რატომ არის ასე რთული მარსზე სიცოცხლის არსებობის მტკიცებულების პოვნა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.