უძველეს კრისტალებში 830 მლნ წლის წინანდელი პოტენციურად ცოცხალი მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
უძველეს კრისტალებში 830 მლნ წლის წინანდელი პოტენციურად ცოცხალი მიკროორგანიზმები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

საოცარმა აღმოჩენამ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის ამბის დადგენის პოტენციურად ახალი წყარო გამოააშკარავა.

გეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა პროკარიოტული და წყალმცენარული სიცოცხლის ციცქნა ნარჩენები, რომლებიც 830 მილიონი წლის წინანდელი ჰალიტის კრისტალებშია ჩაჭედილი.

ჰალიტი ნატრიუმის ქლორიდია, რომელსაც ქვა-მარილსაც უწოდებენ; აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს ბუნებრივი მინერალი ამ დრომდე გამოუყენებელი რესურსია უძველეს მლაშეწყლიან გარემოთა შესასწავლად.

უფრო მეტიც, მასში ჩაჭედილი ორგანიზმები შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ.

ამ ექსტრაორდინარულ კვლევას გავლენა ასევე აქვს უძველესი სიცოცხლის ძებნაზე არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ არამიწიერ გარემოშიც, მაგალითად, მარსზე, სადაც აღმოჩენილია ვრცელი მარილიანი დეპოზიტები, რომლებიც უძველეს ხანაში, ფართომასშტაბიანი წყლის რეზერვუარების არსებობის მტკიცებულებაა.

ეს ორგანიზმები ისეთი არ არის, როგორიც შეიძლება წარმოგედგინოთ. სხვა კლდოვან ფორმაციებში, მაგალითად, თიხაფიქალში აქამდე აღმოჩენილი უძველესი მირკონამარხები მილიარდობით წლის წინანდელია. მარილს ორგანული მასალების ამავენაირად შენახვა არ შეუძლია.

როდესაც მარილწყლიან გარემოში კრისტალები წარმოიქმნება, მათში შეიძლება ჩაიჭედოს მცირე ოდენობით სითხეც. ამას სითხის ჩანართებს უწოდებენ და წარმოადგენს იმ მშობელი წყლის ნარჩენებს, რომლისგანაც ჰალიტი კრისტალიზდა.

ამის გამო, ისინი მეცნიერულად ღირებულია, რადგან შეიძლება შეიცავდნენ ინფორმაციას იმ პერიოდის წყლის ტემპერატურის, ქიმიური შემადგენლობის და ატმოსფერული ტემპერატურის შესახებაც კი, როდესაც მინერალი წარმოიქმნა.

მეცნიერებს მიკროორგანიზმები ასევე აღმოჩენილი აქვთ იმ უფრო ახალ, ბოლოდროინდელ გარემოებში, სადაც ჰალიტები წარმოიქმნება. ეს გარემოები უკიდურესად მარილიანია; მიუხედავად ამისა, მათში მაინც აღმოჩენილია ცოცხალი მიკროორგანიზმები, მაგალითად, ბაქტერიები, სოკოები და წყალმცენარეები.

გარდა ამისა, მიკროორგანიზმები აღმოჩენილია თაბაშირისა და ჰალიტის სითხის ჩანართებშიც, ძირითადად თანამედროვე ეპოქის, რამდენიმე კი უძველესი ხანის. თუმცა, ამ უძველეს ორგანიზმთა იდენტიფიცირების მეთოდი გარკვეულ ეჭვებს აჩენდა იმის შესახებ, იყვნენ თუ არა ისინი იმავე ასაკის, რამდენისაც ჰალიტი.

„გამომდინარე აქედან, გეომიკრობიოლოგებს შორის გაჩნდა კითხვა. რომელიც უძველესი ქიმიური დანალექოვანი ქანები, რომლებიც დალექვის გარემოს პროკარიოტულ და ეუკარიოტულ მიკროორგანიზმებს შეიცავს?“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის გეოლოგი სარა შრედერ-გომესი ხელმძღვანელობდა.

ავსტრალიის შუაგული ამჟამად უდაბნოა, მაგრამ ერთ დროს იქ უძველესი მლაშე ზღვა იყო. ბრაუნის ფორმაცია წარმოადგენს კარგად დახასიათებულ და დათარიღებულ სტრატიგრაფიულ ერთეულს ცენტრალური ავსტრალიიდან, რომელიც ნეოპროტეროზოურ ხანას მიეკუთვნება. მოიცავს ვრცელ ჰალიტებს, რაც უძველეს დროში იქ საზღვაო გარემოს არსებობაზე მიუთითებს.

დასავლეთ ავსტრალიის გეოლოგიური კატალოგიზაციის პროგრამის ფარგლებში 1997 წელს ბრაუნის ფორმაციიდან აღებული ნიმუშის (კერნი) გამოყენებით, შრედერ-გომესმა და მისმა კოლეგებმა ნეოპროტეროზოური შეუცვლელი ჰალიტის კვლევა ჩაატარა; ამისათვის, მათ არაინვაზიურ ოპტიკურ მეთოდებს მიმართეს. ამის გამო, ჰალიტი ხელუხლებელი დარჩა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ნებისმიერი რამ, რაც მასში ჩაჭედილი აღმოჩნდებოდა, იმ პერიოდის იქნებოდა, როდესაც კრისტალები წარმოიქმნა.

მკვლევრები იყენებდნენ გადაცემულ სინათლეს და ულტრაიისფერ პეტროგრაფიას, ჯერ დაბალი გადიდებით, რათა ჰალიტის კრისტალები გამოევლინათ, შემდეგ კი 2000-მდე გადიდებით, რათა მათში არსებული სითხის ჩანართები შეესწავლათ.

შიგნით მათ მიაგნეს ორგანულ მშრალ ნარჩენებს და სითხეებს, რომლებიც ზომის, ფორმისა და ულტრაიისფერ ნათებაზე დაყრდნობით, პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების შესაბამისი იყო.

ასევე საინტერესო იყო ნათების (ფლუორესცენცია) დიაპაზონი. ზოგიერთმა ნიმუშმა ორგანული ხრწნის შესაბამისი ფერები აჩვენა, ზოგმა თანამედროვე ორგანიზმების.

მკვლევართა განცხადებით, შესაძლებელია ისიც კი, რომ ზოგიერთი ორგანიზმი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს. სითხის ჩანართები შეიძლება მიკროჰაბიტატების როლს ასრულებს, რომლებშიც ციცქნა კოლონიები ყვავის. ჰალიტში აქამდე აღმოჩენილი ცოცხალი პროკარიოტები 250 მილიონი წლის წინანდელია; რატომ 830 მილიონის არა?

„გეოლოგიური დროის მასშტაბებში მიკროორგანიზმთა შესაძლო გადარჩენა ბოლომდე შესწავლილი არ არის. მიიჩნეოდა, რომ დროის გრძელ პერიოდებში, რადიაციას ორგანული მასალა უნდა გაენადგურებინა, მაგრამ 2002 წელს დაადგინეს, რომ 250 მილიონი წლის წინანდელ ჰალიტს რადიაცია მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით ხვდებოდა. ამას გარდა, სითხის ჩანართებში მიკროორგანიზმები შეიძლება გადარჩნენ მეტაბოლურ ცვლილებათა მეშვეობით, მათ შორის შიმშილობით და დამცავი გარსით, ამავე დროს, თანაარსებობდნენ ორგანულ ნაერთებთან ან მკვდარ უჯრედებთან, რომლებიც შეიძლება მათთვის საკვების წყარო იყოს“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა განცხადებით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარსისთვის, სადაც გვხვდება ბრაუნის ფორმაციის მსგავსი შემადგენლობის დეპოზიტები. კვლევა აჩვენებს, როგორ არის შესაძლებელი ასეთი ორგანიზმების იდენტიფიცირება ნიმუშების დაშლის გარეშე, რაც გვთავაზობს მათი იდენტიფიცირების მთელ რიგ ახალ ხელსაწყოებს და თავად დედამიწის ისტორიის უკეთესად შესწავლის საშუალებას.

„ოპტიკური შესწავლა უძველეს ქანებში ბიოხელწერის კვლევებში ფუნდამენტურ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს. უძველესი ქიმიური დანალექები, როგორც მიწიერი, ისეი არამიწიერი წარმოშობის, უძველეს მიკროორგანიზმთა და ორგანულ ნაერთთა პოტენციურ მასპინძლებად უნდა მივიჩნიოთ“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევა ჟურნალ Geology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.