უცხოური მედია ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ წერს
უცხოური მედია ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ წერს

ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ ავსტრალიელი მასწავლებლის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავების შესახებ წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მამაკაცი მკვლელობიდან ერთი თვის შემდეგ დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივებმა საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი ოთხშაბათს, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ დააკავეს.

„დეილი მეილი“ შანაი ბრუკის გაუჩინარებისა და ცხედრის აღმოჩენის დეტალების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ საქართველოს პოლიციას გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორაცია თითქმის არ მიუწოდებია. ოთხშაბათს პოლიციის მიერ გასაჯაროებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო მკვლელს დნმ-ის საშუალებით მიაკვლიეს. დნმ-ის ნიმუშები დანაშაულის ადგილზე ნაპოვნ დაზიანებულ დანაზე აღმოაჩინეს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ნივთებსა და გენეტიკურ კვლებზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზები. ასევე, 33 წლის მამაკაცის იდენტიფიცრება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში მათ მონაცემთა ბაზებთან შესადარებლად.

როგორც „დეილი მეილი“ აღნიშნავს, ახლა გაირკვა, რომ გამომძიებლები დაუღალავად მუშაობდნენ შანი ბრუკ ედვარდსის მკვლელის ვინაობის დასადგენად, რა დროსაც მათ დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი ათობით ადამიანის დნმ-ის ნიმუში აიღეს და ყველა მათგანი დეტალურად დაკითხეს. გამოცემა აღნიშნავს, რომ 200-მდე ადამიანის, მათ შორის მოკლულის მეგობრების, თანამშრომლების, მეზობლებისა და მთაწმინდის პარკში მკვლელობის დღეს მყოფი პირების დაკითხვის შემდეგ, პოლიციამ სავარაუდო დამნაშავის ფოტორობოტი შექმნა. დაკითხული პირების ალიბისა და მკვლელობის დროს ადგილსამყოფელის გადამოწმების შემდეგ, გამოძიება სავარაუდო მკვლელს მიუახლოვდა.

„კომპლექსური და მრავალმხრივი საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მინიმუმამდე შემცირდა ზემოთ აღნიშნულ პირთა წრე, ხოლო, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა“, – ციტირებს გამოცემა ქართველ გამომძიებლებს.

ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„დეილი მეილი“ წერს, რომ ხუთშაბათს, შანაი ბრუკის ტრაგიკული მკვლელობიდან 40 დღის შემდეგ დაგეგმილი იყო მემორიალური ღონისძიება. სავარაუდო მკვლელის დაკავების გამო ღონისძიება გაუქმდა. რამდენიმე დღის წინ ქალთა ჯგუფი შეიკრიბა მთაწმინდის ფერდობზე, იმ ადგილას, სადაც შანაი ბრუკი უკანასკნელად ნახეს ცოცხალი და მისი ხსოვნის პატივსაცემად ყვავილები მიიტანა. გამოცემა აღნიშნავს, რომ გაურკვეველი რჩება, გადაასვენეს თუ არა შანაი ბრუკის ცხედარი ავსტრალიაში.

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ასევე ეხმაურება კიდევ რამდენიმე უცხოური გამოცემა, მათ შორის ავსტრალიური „სიდნეი მორნინგ ჰერალდი“, აგრეთვე „ნიუს ჩანტი“ და „ნიუ დეილი“.