შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

„მიმაჩნია, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და მასალათა ერთობლიობა ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები შესაძლოა, მის მიერ იყოს ჩადენილი. სრულად ვიზიარებ ბრალდების მოსაზრებას მიმალვის საფრთხეებზე. ვითვალისწინებ ბრალად შერაცხული ქმედებების ხასიათს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება და დანაშაულის იარაღის განადგურება სცადა ბრალდებულმა. ვთვლი, რომ არსებობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ბრალად შერაცხული ქმედება ხანგრძლივი ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ვთვლი, რომ მიზანშეწონილია პატიმრობა“, – განაცხადა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი მიმდინარე წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.

სამართალდამცავებმა რაფაელ მურსაკულოვი 8 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.