ადვოკატი - რაფაელ მურსაკულოვს შანაი ბრუკთან არ ჰქონია შემხებლობა, მისთვის პროკურატურის ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით
ადვოკატი - რაფაელ მურსაკულოვს შანაი ბრუკთან არ ჰქონია შემხებლობა, მისთვის პროკურატურის ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით

ავსტრალიის მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვს შანაი ბრუკთან არ ჰქონია შემხებლობა, მისთვის პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება გამაოგნებელი იყო, არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით, – ამის შესახებ შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატმა, სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, გავრცელდა ბევრი არასწორი ინფორმაცია და ხდება კონტექსტის დამახინჯება. ამასთან, აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მთელი დღის განმავლობაში შინ იმყოფებოდა. როგორც სოფიო გოგლიჩიძემ განაცხადა, მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს.

„ბრალი წარედგინა ოფიციალურად 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილით. ის იყენებს დუმილის უფლებას და ამბობს, რომ ამ ადამიანთან არ ჰქონია შემხებლობა. მისთვის ეს გამაოგნებელი და დამრტყმელი იყო. ვერაფრით ვერ ხსნის ამას. ბუნებრივია, სადავოდ გავხდით გარკვეულ საკითხებს. არ იმყოფებოდა იმ ტერიტორიაზე და არ ჩანს კამერებში. იმ ტერიტორიაზე იყო ხოლმე, სადაც უწევდა. არაფერი მტკიცდება არც მოწმეებით, არც ანძებით. ბევრი არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული, ხდება კონტექსტის დამახინჯება. მთელი დღე შინ იყო და არსად საეჭვო ადგილზე არ გადაადგილდებოდა“, – განაცხადა სოფიო გოგლიჩიძემ.

საქართველოს პროკურატურამ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი ედუარდსის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაფაელ მურსაკულოვს ბრალდება დღეს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით, თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით უწყება სასამართლოს მიმართავს.