ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც ბრუკის ძმამ მიმართა
ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებსაც ბრუკის ძმამ მიმართა

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო სხდომას ესწრება შანაი ბრუკის ძმა, ტაისონ ედვარდსი, რომელიც სპეციალურად ლონდონიდან ჩამოფრინდა, რათა მოესმინა განაჩენი და საბოლოო სიტყვით მიემართა სასამართლოსთვის.

ტაისონ ედვარდსის თქმით, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება პასუხი, რამდენად მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოსთვის უდანაშაულო ქალის უსაფრთხოება და სიცოცხლე საქართველოში.

„მოვედი ოჯახისა და მეგობრების სახელით და მათი სახელით, ვისაც შეეხო მკვლელობა. შანაი იყო თავისი ბუნებით სუფთა, მხიარული, ჰქონდა პოზიტიური ენერგია, რომლითაც აერთიანებდა ადამიანებს, მოკრძალებული, მზრუნველი. ის ბევრ ადგილას არის ნამყოფი. მაგალითად, სამხრეთ ამერიკაში, 12 თვის განმავლობაში, როგორც მოხალისე ეხმარებოდა უპატრონო ბავშვებს, რათა მიეღოთ განათლება; პოლონეთში, ბავშვთა ბანაკში მუშაობდა ენის სპეციალისტის ასისტენტად. თბილისში მან ვაქცინაცია გაუკეთა პატარა კნუტებს, რომლებიც მის აივანზე იყვნენ და ქართული სახელებიც დაარქვა. უყვარდა ბუნება, კულტურა და გასაკვირი არ არის, რომ მას შეუყვარდა საქართველო. ყველა ქვეყანა, სადაც ცხოვრობდა, მუშაობდა მოხალისედ. საქართველო იყო ქვეყანა, რომელმაც მისი გული დაიპყრო. შეიძინა მეგობრები, სურდა აქ საკუთრების შეძენა, აქ შეიქმნა მშვენიერი ცხოვრება. შანაი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო.

მედიაში ამ მოვლენის გაშუქებამ კიდევ უფრო სტრესი მიანიჭა სიტუაციას. დიდი ხნის განმავლობაში არ შემეძლო, ავსტრალიური ტელევიზიებისთვის მეყურებინა. შანაიას დაკარგვა ნებისმიერი გარემოების შედეგად უდიდესი დანაკარგი და დიდი ტკივილია ჩვენთვის. სატელეფონო ზარის დროს ბოლოს წარმოთქმული სიტყვები გამოხატავდა იმას, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი – „მოაშორე ხელები ჩემგან, რატომ აკეთებ ამას“. ტკივილი რაც ჩვენ გავიარეთ, არის განუზომელი, ჩვენი სიცოცხლე უპირობოდ შეწყდა, დაიკარგა რწმენა. ის ემოციური და ფინანსური მხარდაჭერა, რაც მეგობრებისგან და უცნობებისგან ვნახეთ, დაგვეხმარა და ვნახეთ, რას ნიშნავდა შანაი ადამიანებისთვის.

თქვენი ძმები, დები, ქალიშვილები იმსახურებენ უსაფრთხოებას, რაც არ ჰქონდა ჩემს დას. მაშინ, როდესაც მკვლელი თავისუფლად დადის თქვენს ქუჩებში, ეს მიღებელია. გუშინ ქალთა საერთაშორისო დღე იყო. რამდენად მნიშვნელოვანია ქალის უსაფრთხოება თქვენს ქვეყანაში? რა ღირებულება აქვს სახელმწიფოსთვის უდანაშაულო ქალის სიცოცხლეს? რამდენად ძლიერია ის მცდელობა, რომ მოხდეს ქალის მკვლელობის პრევენცია თქვენს ქალაქში? ის გადაწყვეტილება, რასაც მიიღებს სასამართლო, იქნება პასუხი ამ ყველა კითხვაზე. შანაი, მისი ოჯახი იმსახურებს ამას, ქართველი ქალები იმსახურებენ. ჩვენი ოჯახი და შანაის მეგობრები არ მიიღებენ მკვლელის მობოდიშებას“, – განაცხადა ტაისონ ედვარდსმა.

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 2021 წლის 30 ივლისს გაუჩინარდა. შანაი ბრუკის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს. სამართალდამცავებმა 8 სექტემბერს რაფაელ მურსაკულოვი დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით), 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაული, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.