უჩა ნანუაშვილი - სპეცოპერაციისას დაკავებული უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა
სპეცოპერაციისას დაკავებული უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ბრალდებული ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა.
„უკვე მოინახულა ჩვენმა წარმომადგენელმა ტერორიზმში ბრალდებული. ის უარყოფს ტერორიზმთან კავშირს, თუმცა აღიარებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ჩართულები ვართ და უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.
ის უარყოფს ზოგადად ტერორიზმთან კავშირს, ასევე ამბობს, რომ არ იცნობდა იმ ადამიანებს, რომელთა წინააღმდეგაც განხორციელდა სპეცოპერაცია. ის იცნობდა მხოლოდ ერთ ადამიანს, შესაბამისად, ის იყო დაინტერესებული, რომ ინფორმაცია მიეღო მისი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ, რა ინფორმაციაც ჩვენ მას მივაწოდეთ“,- განაცხადა ნანუაშვილმა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.