ტყვიავისა და რუხის საზოგადოებრივ ცენტრებში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები განახლდა
ტყვიავისა და რუხის საზოგადოებრივ ცენტრებში ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით, ახალგაზრდები სოფლიდან გაუსვლელად ინგლისურ ენას შეისწავლიან, ხოლო ინგლისური ენის მასწავლებლები პროფესიულ გადამზადებას გაივლიან.
ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში გამართული პროექტის პრეზენტაციას საქართველოში ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ორგანიზაციის „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ.
ცენტრების თანამედროვე შენობები აღჭურვილია კომპიუტერებით, უკაბელო ინტერნეტით, ბიბლიოთეკებით, სამკითხველო დარბაზებითა და შეხვედრების ოთახებით.
ბრიტანეთის საბჭომ იუსტიციის სამინისტროსთან, ასევე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან პარტნიორობით, ინგლისური ენის პირველი კლუბები გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 6 საზოგადოებრივ ცენტრში გახსნა. ერთი წლის განმავლობაში ინგლისური ენის კურსი 1 500-ზე მეტმა მოზარდმა გაიარა.