ლევან კობიაშვილი - რუხის აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა
ლევან კობიაშვილი - რუხის აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა

ლევან კობიაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფუძნებული ახალი აკადემიის გახსნაზე, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში იფუნქციონირებს.

„ბედნიერი ვარ, რომ მორიგი არაჩვეულებრივი პროექტი უკვე ოფიციალურად დავასრულეთ. რუხის საფეხბურთო აკადემია, ძირითადად, სამეგრელოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს მოემსახურება. ინფრასტრუქტურით სარგებლობას ასევე შეძლებენ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბები, მოყვარულთა და ქალთა საფეხბურთო გუნდები. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ“, – აცხადებს ლევან კობიაშვილი.

პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ფიფა-ს პროგრამა FORWARD-ისა და უეფა-ს პროგრამა HatTrick-ის დაფინანსებით განხორციელდა. მშენებლობისთვის 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აღნიშნული ტერიტორია სფფ-ს ადგილობრივი ხელისუფლებისგან საფეხბურთო აკადემიის მშენებლობის ვალდებულებით გადაეცა.

სფფ-ის პრეზიდენტი ხაზი გაუსვა, რომ აკადემიის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსური სახსრები სახელმწიფოს ხარჯად არ დააწვება: „პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააფინანსა, ასევე გამოყენებულ იქნა ფიფა-ს და უეფა-ს გრანტები, აღსანიშნავია, რომ რუხის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობაში სახელმწიფოს ფული არ დახარჯულა. აკადემიის ფეხბურთელების მომზადებისთვის ყველა საჭირო ხარჯსაც საკუთარ თავზე ფეხბურთის ფედერაცია იღებს“.

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დაფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ იცხოვრებენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას მიიღებენ. კობიაშვილის თქმით, სკოლაში ბავშვებს საგნების სწავლის საშუალებაც ექნებათ: „აქვე არის საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი მოთამაშეები ისწავლიან. ფეხბურთის ფედერაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდება თუ ყველა მათგანი პროფესიონალი ფეხბურთელი გახდება, თუმცა, ასევე ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდები ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდნენ, ჯანმრთელები და განათლებულები გაიზარდონ“.

რუხში ბავშვები სასტუმრო კორპუსში იცხოვრებენ, სადაც არის სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში, საფეხბურთო აკადემიის მშენებლობას საფუძველი 2019 წლის მაისში ჩაეყარა. აკადემიაში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. ასევე დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, მოეწყო ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსი.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად, მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. გარდა ამისა, სფფ-მ საფეხბურთო ცენტრები ააშენა მარტვილში, ფოთში, თბილისში (ვარკეთილში,გლდანში, სპორტის უნივერსიტეტში).

ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის დათვალიერების შემდეგ, კომენტარი სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემაც გააკეთა: „საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია რეგიონული აკადემიების განვითარების პროექტს აგრძელებს. ყველა ხედავთ, თუ როგორი მაღალი დონის საფეხბურთო ბაზა აშენდა რუხში, რომელიც სამეგრელოს რეგიონს მოემსახურება. რუხის საფეხბურთო აკადემიაში საწყის ეტაპზე 15-16 წლის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებიც სელექციის საფუძველზე შეირჩნენ. მოთამაშეები ადგილზე იცხოვრებენ, ივარჯიშებენ და მიიღებენ როგორც საფეხბურთო, ისე აკადემიურ განათლებას“.