თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ
თვითდასაქმებულები კომპენსაციის მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

თვითდასაქმებულთათვის, რომლებიც კომპენსაციის მიღებას ელოდებიან, დღეიდან ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომი გახდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს, 12:00 საათზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია სპეციალურ ბრიფინგის გამართავს, სადაც რეგისტრაციის შესახებ დამატებით დეტალებს განმარტავს.

ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია დაერიცხებათ, როგორც იდენტიფიცირებად თვითდასაქმებულს, ასევე მათ, ვინც შემოსავლების სამსახურში არ ფიქსირდებიან.

რეგისტრირებულ თვითდასაქმებულები მხოლოდ პირად მონაცემებს ავსებენ. მათი შემოსავლების დადასტურება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მოხდება. იმ პირებს კი, რომლებიც ვაჭრობდნენ ბაზრობაზე, ბავშვები გადაჰყავდათ საჯარო სკოლებში, მგზავრები გადაჰყავდათ მუნიციპალიტეტებს შორის, საცხოვრებელ ფართებს დღიურად აქირავებდნენ (Airbnb-ზე, booking.com-სა და სხვა პორტალებზე), ამზადებდნენ სუვენირებს და აბარებდნენ მაღაზიებში, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქციას აბარებდნენ სხვადასხვა ობიექტში, პირადი მონაცემების გარდა, მოუწევთ დამატებითი დოკუმენტის ატვირთვა, რომელიც შეიძლება, იყოს ბაზრობისა თუ მუნიციპალიტეტის ცნობა, საბანკო ამონაწერი, ასევე შესყიდვის ან მიღება-ჩაბარების აქტი.

როგორც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, პორტალზე რეგისტრაციის ვალდებულება გააჩნიათ მხოლოდ თვითდასაქმებულებს.

თვითდასაქმებულებმა, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge.

ჯგუფში შედიან:
• მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები
• მეწარმე ფიზიკურ პირები
• პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას
• მიკრობიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები
• ინდივიდუალური მეწარმეები
კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა.

კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინებას იღებენ გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე eservices.rs.ge-ზე.

მიღებული განაცხადების დამუშავება და კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
➢ სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
➢ საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
➢ საბანკო რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არ არიან შემოსავლების სამსახურში, არაუგვიანეს პირველი ივლისისა უნდა შეავსონ განაცხადი  ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე – www.moh.gov.ge და უნდა  წარადგინონ 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

ფიზიკურმა პირმა უნდა შეავსოს შემდეგი ინფორმაცია:
➢ სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
➢ საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
➢ საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ფიზიკურმა პირმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
❖ გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად, შესყიდვის აქტი, მიღება-ჩაბარების აქტი);
❖ 2020 წლის პირველი სამი თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
❖ მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
❖ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი;
❖ და სხვა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომიიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

➢ იმ პირებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, გაიარაონ ელექტრონული რეგისტრაცია, შეუძლიათ, მიმართონ დასაქმების სააგენტოს ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს და ადგილზე წარმომადგენლები დაეხმარებიან რეგისტრაციაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505.