სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ფრენის სულ მცირე სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან კომპენსაცია მოითხოვონ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - ფრენის სულ მცირე სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან კომპენსაცია მოითხოვონ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, „საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესის დამტკიცების შესახებ“ №122 ბრძანებაში ცვლილებები შედის.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, წესის ცვლილების მიზანია მგზავრთა უფლებების დაცვის არსებული პირობების გაუმჯობესება.

„წარმოდგენილი პროექტით, ფრენის სულ მცირე სამი საათით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებს უფლება ექნებათ, მოითხოვონ კომპენსაცია მომსახურე ავიაგადამზიდველისაგან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ავიაკომპანია დაამტკიცებს, რომ ფრენის დაგვიანება გამოწვეული იყო განსაკუთრებული ვითარებით, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო ყველა საჭირო ზომის მიღების მიუხედავად.

აქამდე, ავიაგადამზიდველის მიერ კომპენსაციის გადახდის ვალდებულება ვრცელდებოდა საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის და ფრენის გაუქმების შემთხვევებზე. წესის მოქმედება ვრცელდება მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აეროპორტიდან საქართველოს ან უცხო ქვეყნის მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით, და მგზავრებზე, რომლებიც ახორციელებენ ფრენას სხვა ქვეყნიდან საქართველოში, საქართველოს მომსახურე ავიაგადამზიდველის მეშვეობით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი იღებენ კომპენსაციას ან დახმარებას ამავე ქვეყანაში.

„საჰაერო ხომალდში ჩასხდომაზე უარის თქმის, ფრენის გაუქმების ან ხანგრძლივი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისათვის კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის წესი“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2012 წელს მიიღო. დოკუმენტი შემუშავებულია ევროკავშირის რეგულაციაზე (N261/2004) დაყრდნობით და ადგენს ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში კომპენსაციის გაცემისა და დახმარების აღმოჩენის პირობებს“, – აცხადებენ სააგენტოში.